კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღიურად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველდღიურად ხსნარებით დამუშავდება.

როგორც მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვა, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას ითვალისწინებს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, როგორც ავტობუსებმა, ისე მეტრომ და მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლა. გარდა ამისა, კუს ტბისა და  რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზეც იხსნება შეზღუდვა და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. ძირითადი პირობა რაც იყო – პირბადით მგზავრობა, ძალაში რჩება და ეს წესი ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, შევასრულოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გრძელდება ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები