შვილი იმპერატორისგან, ტრაგიკული ბედი და თვითმკვლელობა – ქართველი ქალი ცნობილი ნახატიდან

ეს კაცი რომ ხელმწიფე არ ყოფილიყო, ვინატრებდი მასაც ძალიან მოვწონებოდი, რადგან თავდავიწყებამდე გამიტაცა…

რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები ტრაგიკული ბედის ულამაზეს ქართველ ქალს, ბარბარე თუქესტანიშვილს, იგივე ვარია თურქესტანოვას ეკუთვნის.

ბარბარეს პაპა ბაადურ თურქესტანიშვილი ქართლის მეფის, ვახტანგ VI-ის მრჩეველი იყო და 1724 წელს რუსეთში გაჰყვა მას. მონაწილეობდა რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველთან გამართულ მოლაპარაკებებში. ბარბარე 1775 წელს დაიბადა თელავში, რუსეთის არმიის გენერლის, ილია თურქესტანიშვილისა და მარია ეროიპკინას ოჯახში. გენერლის ათი შვილიდან მორზდილობამდე მხოლოდ ბარბარემ და მისმა ორმა დამ მიაღწიეს. მშობლები ბარბარეს მალე გარდაეცვალა და 20 წლის ასაკში ობოლი გოგონა რუსეთის იმპერატორის კარზე იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას ფრეილინა გახდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ბარბარე არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჭკვიანი და განათლებული ქალი იყო, რომელმაც სახელი ჟურნალისტური წერილებითაც გაითქვა. ცნობილია მისი მეგობრობა და მიმოწერა (ფრანგულ ენაზე) შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენელ ფერდინანდ კრისტისთან. მიმოწერა გრძელდებოდა 1812-1819 წლებში და, როგორც ჩანს, იმდენად საინტერესო იყო, რომ მოგვიანებით ფრანგულ და რუსულ ენებზე დაიბეჭდა ჟურნალ „რუსკი არხივის“ 1883-1884 წლების ნომრებში. წერილები ერთგვარი მატიანეა სამამულო ომის შემდგომი მოვლენებისა და კარგად ჩანს, რომ ბარბარემ შესანიშნავად იცოდა ისტორია და მისი დროის პოლიტიკური ვითარება. პოპულარული იყო მისი „სამგზავრო წერილები“, სადაც აღწერილია მოგზაურობა ევროპაში (1818 წ.) და გადმოცემულია იმ ეპოქის იდეები და განწყობილებები. მართალია, თელავში არ უცხოვრია, მაგრამ მისი ინიციატივით მშობლიურ ქალაქში გახსნილა წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელი (პროგიმნაზია), რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა პეტერბურგიდან.

ბარბარე თურქესტანიშვილის ტრაგიკული ბედი მისი სიყვარულის ისტორიასთან არის დაკავშირებული. 1813 წელს, როდესაც იმპერატორის ალექსანდრე I-ის მთავარი ფავორიტი მარია ნარიშკინა საზღვარგარეთ გაემგზავრა, შესამჩნევი გახდა იმპერატორის დაინტერესება ბარბარეთი. იმპერატორი სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა ქართველი სეფექალით და სულ უფრო ხშირად უგზავნიდა ფაიფურის მინიატურებს საკუთარი პორტრეტითა და წარწერით „Celui que vous preferez. De la part de celui qui vous prdfere“. „ის, ვისაც თქვენ არჩევთ, გირჩევთ თქვენ“.

სასახლეში ყველა იმპერატორის ახალი ფავორიტის შესახებ ჩურჩულებდა, თუმცა 1817 წელს დაწყებული რომანი მალე ტრაგიკულად დასრულდა. ბარბარე თურქესტანიშვილს იმპერატორის ოფიციალურ ფავორიტობაზე პრეტენზია არ ჰქონია, ამიტომ ცდილობდა, იმპერატორთან მისი სასიყვარულო ურთიერთობა ყველასთვის დაფარული ყოფილიყო. 1918 წლის შემოდგომაზე იმპერატორის დედამ თავადის ქალი ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. ავსტრიაში ყოფნისას ბარბარე შეუძლოდ გახდა, საგანგებოდ მოწვეულმა ექიმმა ფრეილინა გულდასმით გასინჯა და უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. ქალისთვის ეს თავზარდამცემი ცნობა აღმოჩნდა, თუმცა რუსეთში დაბრუნებამდე საიდუმლოს დამალვა მოახერხა.

ევროპაში მოგზაურობა 1818 წლის ბოლოს დასრულდა. ბარბარეს ფეხმძიმობა უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. თავად ბარბარემ ისეთი ნებისყოფა გამოიჩინა, რომ ახერხებდა კიდეც უცხო თვალის მოტყუებას. იმპერატორმა ჯერ სიმართლე არ იცოდა, მაგრამ ქალის ავადმყოფობამ ცოტა არ იყოს ააფორიაქა. თვითმკვლელობამდე კრისტინისადმი მიწერილ უკანსკნელ წერილში ბარბარე თავის ტკივილებს უჩიოდა და დასძენდა:

დიდ ბატონს სურს, რომ  განსაკუთრებით ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე! თითქოს, ეს შესაძლებელი იყოს  ჩვენი კეთილი დიასახლისის ხელში.

1819 წლის 20 მარტს შეეძინა გოგონა, რომელსაც მარია (მიმი) დაარქვეს. ბავშვის დაბადებიდან სულ მალე ბარბარემ საწამლავი დალია და რამდენიმეკვირიანი ტანჯვის შემდეგ, 1819 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. იმპერატორის დედა თავის სეფექალს ბოლო წუთამდე არ მოშორებია და ლოგინში უგონოდ მწოლიარეს ლოცვებს უკითხავდა.

ფრეილინას ეყო ძალა, რომ საიდუმლო სამარეში წაეღო და იმპერატორის ღირსებისთვის ჩრდილი არ მიყენებინა, ამიტომ საიმპერატორო კარმა სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ქოლერა დაასახელა. ბარბარე ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაკრძალეს.

იმ დღეებში მთელი პეტერბურგი მხოლოდ ამ იდუმალებით მოცულ გარდაცვალებაზე საუბრობდა. ვრცელდებოდა ხმები, რომ 42 წლის ბარბარემ, იმპერატორის პარალელურად, 24 წლის თავად ვლადიმერ გოლიცინთან გააბა რომანი. ერთი ვერსიით, გოლიცინმა სანაძლეო დადო, რომ თურქესტანოვას აცდუნებდა, მეორე ვერსიით კი, ღამით იმპერატორის საძინებელში რომ არ შეესწრო, თავადი ბარბარეზე დაქორწინებას აპირებდა. რუსმა წარჩინებულებმა თურქესტანოვას სიკვდილში თავადი გოლიცინი დაადანაშაულეს. თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, გოლიცინისათვის ბარბარე მიუწვდომელი იდეალი იყო, ამიტომაც ახალშობილის მამობა აღიარა და ობლად დარჩენილი გოგონა გაზარდა. მარია (მიმი) ნაადრევად, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, დარჩა შვილი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა იმპერატორ ბაბუას.

1883 წელს მხატვარმა, ივან კრამსკოიმ დახატა „უცნობი ქალის“ პორტრეტი, რომელსაც უცხოეთში  „რუსულ ჯოკონდასაც“ უწოდებენ. მხატვრის შთაგონების წყარო გახლდათ იმპერატორ ალექსანდრე I-ის შეკვეთით დამზადებული ძვირადღირებული კამეა, რომელზეც გამოსახული იყო ვარვარა თურქესტანოვა წარწერით –  „მას, ვინც ჩემი რჩეულია, მისგან, ვინც მისი რჩეულია“. კამეადან მომზირალი თავისუფალი, ლაღი ქართველი ქალი კრამსკოის ტილოზე უკვე გაუმხელელი დარდით გაუცხოებული, თვალებდახრილი, სევდიანი ქალბატონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები