თბილისის მერია ქუჩების მორეცხვის მასშტაბურ სამუშაოს დაიწყებს

თბილისის მერია ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვის და ახლად რეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქის“ ვიდეოჩართვაში ისაუბრა.

„არის სრული მზადყოფნა, რომ ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვა დავიწყოთ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქში და ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკვე ამინდიც იძლევა საშუალებას და ქალაქში იწყება გზების დახაზვის სამუშაოები. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და დახაზვა ვერ მოესწრო ზამთრის გამო. ახლა უკვე გვაქვს საშუალება, რომ დავიწყოთ ამ სამუშაოების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, „თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაეხმარება სპეციალური ტექნიკით და ადამიანური რესურსით.

მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„ტექნიკის თვალსაზრისით, შესაძლოა, სახარბიელო მდგომარეობა არ გვქონდეს, თუმცა, გამოცხადებულია ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით. გვინდა შევიძინოთ სპეციალური ტექნიკა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქუჩების მორეცხვის სამუშაოები და დასუფთავება უმაღლესი ხარისხის სპეციალური ტექნიკით იყოს განხორციელებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ქუჩის მორეცხვის სამუშაოები დილით ადრე განხორციელდება, რათა ხელი ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები