სერგო ჩიხლაძე: ამნისტია ყველაზე ვერ გავრცელდება და ამაზე შეთანხმებულები ვართ, შესაძლებელია პოზიციების დაახლოება და ერთი კანონპროექტის გატანა
“ამნისტია ყველაზე ვერ გავრცელდება და ამაზე შეთანხმებულები ვართ. საუბარია არსებულ საქმეებზე, რაც არის პროტესტის 16 მონაწილეზე, ნიკა მელიასა და სამ პოლიციელზე, რაც დღესდღეობით არის ცნობილი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, მოხდეს პოზიციების დაახლოება და ერთი კანონპროექტის გატანა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი ჯერ ასე არ გამოქვეყნებულა. ერთადერთი, რაზეც შეთანხმებული ვართ მხარეები, რომ ის მძიმე მუხლები, ე.წ. კონვენციით დაცული მუხლები, რაც მოიაზრებს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, მუხლი, რომელიც მოიაზრებს მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენებას, ასეთი მუხლები არ იქნება არცერთ კანონპროექტში. ამაზე ვართ შეთანხმებულები. რაც შეეხება განსხვავებას, ეს არის დამატებითი ჩამკეტები ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ვადებთან დაკავშირებით და დამატებითი ჩამკეტები დაზარალებულის თანხმობასთან დაკავშირებით. ეს არის ამ მომენტისთვის, რაც არის განსხვავება. თვითონ ეს მძიმე მუხლები გათვალისწინებული იქნება „ქართული ოცნების“ კანონპროექტში, რაც არის აქამდე შეთანხმებული. მეტს ვიტყვით, როცა ეს დაინიცირდება და „ქართული ოცნების“ ვარიანტი გამოქვეყნდება. აღსანიშნავია, ვიმუშავებთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაახლოვდეს ეს ორი კანონპროექტი და უპრიანი იქნება, რომ ერთი კანონპროექტით მოხდეს კენჭისყრა.
ამნისტია ყველაზე ვერ გავრცელდება და ამაზე შეთანხმებულები ვართ. საუბარია არსებულ საქმეებზე, რაც არის პროტესტის 16 მონაწილეზე, ნიკა მელიაზე და სამ პოლიციელზე, რაც დღესდღეობით არის ცნობილი. ამაზე იყო მოლაპარაკება. ყველაზე და ყველაფერზე ვერ გავრცელდება. მთავარი წინააღმდეგობა რაც იყო, ამაზე შეჯერებული ვართ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ დაარღვია. ჩვენთვის მთავარია, თვალის დამთხრელები, ჯალათები არ მოხვდნენ ამაში და ამაზე შეთანხმება არის, რომ არ მოხვდებიან.
უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შესაძლებელია, მოხდეს პოზიციების დაახლოება და ერთი კანონპროექტის გატანა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.