მამალი, რომელიც გორგოლაჭებზე დგებოდა
თუკი, რატომღაც, 1950-იან წლებში ლოს-ანჟელესში იყავით და ქუჩაში დაინახეთ მამალი, რომელმაც გორგოლაჭებით ჩაგიქროლათ, უნდა დაგამშვიდოთ – თქვენ არც გაგიჟებულხართ და არც მხედველობის პრობლემა გქონიათ. ეს, უბრალოდ, ბასტერი სეირნობდა.
1952 წელს ჟურნალ Times-ის ფოტოგრაფი ლი ვინერი ლოს-ანჟელესში, საუტ-ალვარადოს ქუჩაზე წავიდა, სადაც, როგორც გაირკვა, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ადგილას მან განსაკუთრებული ვერაფერი ნახა, გარდა მამაკაცისა, რომელმაც მას ფოტოს გადაღება სთხოვა, რაც არც თუ ისე იშვიათი შემთხვევა. ვინერი მოგვიანებით წერდა, რომ ამ მამაკაცს ხუმრობით უთხრა:
მისტერ, მე თქვენ ფოტოს იმ შემთხვევაში გადაგიღებთ, თუკი გეყოლებათ ძაღლი, რომელიც გორგოლაჭებზე დგას.
მამაკაცს ძაღლი არ აღმოაჩნდა, მას მხოლოდ მამალი ჰყავდა, რომელიც ზუსტადაც რომ გორგოლაჭებზე იდგა. ვინერმა ფრინველის ნახვა მოისურვა და მამაკაცს 1952 წლის 17 აგვისტოსთვის დაუთქვა შეხვედრა. დათქმულ დღეს ბასტერი – ასე ერქვა მამალს – კომბინიზონით და გორგოლაჭებით გამოცხადდა, რომელიც სპეციალურად მისთვის იყო დამზადებული
ვინერმა ბევრი ფოტო გადაუღო ბასტერს. მოგვიანებით, მან ფოტოსესია მამლისთვის ყინულის მოედანზე გამართა. როგორც აღმოჩნდა, ბასტერი ციგურებით სრიალსაც დაუფლებოდა.
ბასტერი ერთ-ერთი იმ მამალთაგანია, რომელიც უილიამ ლერს ეკუთვნოდა, ცირკის ყოფილ ჯამბაზს. გაზეთ The San Bernardino County Sun-ის 1952 წლის 22 აგვისტოს ნომერში შეხვდებით ასეთ ტექსტს:
ბასტერი დგას საბავშვო, თითქმის, 13-სანტიმეტრიან გორგოლაჭებზე, რომელიც ალუმინისგან არის დამზადებული და მის ფეხებზე წებოვანი ლენტითაა მიმაგრებული. ლერი, როგორც წესი, მხოლოდ დასაწყისში ეხმარება ბასტერს, მერე კი ის ყველაფერს თავად აკეთებს. მამალი წინდაწინ მიდის და ფრთებით იცავს წონასწორობას. ბასტერი, რომელიც უკვე სამი წლისაა, ნახევარი წელია, რაც გორგოლაჭებით დადის. ლერი მას სასცენო დებიუტისთვის ამზადებს და თვლის, რომ მამალს დიდი თეატრალური კარიერა ელის.