თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შეხვდა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე – მიხეილ ამაშუკელიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ტალინის სახელობის სკვერის გახსნასთან დაკავშირებითაც იმსჯელე.
„დღეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განვიხილეთ. საუბარი აგრეთვე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებსა და ღონისძიებებსაც შეეხო. თბილისში ესტონეთის დედაქალაქის, ტალინის სახელობის გეოგრაფიული ობიექტის გაჩენა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და დიპლომატიურ ურთიერთობებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ელჩს ტალინში საქართველოს სახელობის სკვერის გახსნასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.