თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ფერდთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი განცხადებით, ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.
მეწყრული პროცესების საბოლოოდ დასტაბილურების შემდეგ კი ამ ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.
„ამ კონკრეტულ მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო. ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმაც, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში არიან ჩართულნი. სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა. დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის სისტემა. ამჟამად, მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება. როგორც კი სრულ სტაბილურობას მივაღწევთ, მაშინვე აღდგება ორმხრივი მოძრაობა”, – აღნიშნა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივი გააქტიურების გამო, 15 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია.