თბილისის მერია კუს ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე მუშაობას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ტერიტორიის მფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„არავის არ მოგვწონდა ის, თუ რა ხდებოდა წინა წლებში – მიზანმიმართული განადგურება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების, რომელთა გამოყენება შემდეგ ხდებოდა სამშენებლო მიმართულებით. ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას წინაასარჩევნოდ მივეცით პირობა, რომ არ დავუშვებდით რეკრეაციული და სპორტული მოედნების ხარჯზე მოხდეს მშენებლობების განხორციელება და კორპუსების ჩადგმა.
პირველი, რაზეც მუშაობა დავიწყეთ, იყო გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება ქალაქის განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა არ მივიღოთ ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა და არავის არ მოგვწონდა. ამ მიმართულებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეების არსებობაა. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე და ყველაზე მოწესრიგებული.
მინდა შევეხო ერთ ასეთ ადგილს. კუს ტბით და მისი მიმდებარე ტერიტორიით ძალიან ბევრი თბილისელი სარგებლობს. თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ იქ არსებული მდგომარეობა არ არის სახარბიელო. მუნიციპალიტეტმა და თბილისის საკრებულომ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. ამ ტერიტორიას ჰყავს კერძო მფლობელი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, რომ მოხდეს ამ ტერიტორიის მოწესრიგება და განახლება, რათა იყოს უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ტეროტორია ამ კერძო კომპანიაზე გადაცემულია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესი დაიწყო. მიგვაჩნია, რომ კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებული კუს ტბისა და ვაკის პარკის კომპლექსური განვითარების პროექტზე.
მიმაჩნია, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე – ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა. მინდა, დავავალო ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად დაიწყოს უფრო აქტიური მუშაობა მფლობელთან, რათა ძალიან სწრაფად შემუშავდეს კუს ტბისა და მიმდებარე არეალის გაჯანსაღებისა და რეაბილიტაციის კონცეფცია.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.