ბორის რჩეულოვი (რჩეულიშვილი) – ქართველი ფიზიკოსი ბევრი მნიშვნელოვანი გამოგონებით
თბილისის ვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წიგნის ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ ბორისის მშობლები არიან პირველი კავკასიური სასანგრე ბატალიონის შტაბის კაპიტანი ალექსანდრე გრიგოლის ძე რჩეულოვი და მისი მეუღლე – ოლღა სერგოს ასული. მოუნათლავთ 1900 წლის 23 მარტს, ნათლია ოპერის მომღერალი, უნიკალური ბასი ფეოდორ შალიაპინი ყოფილა. საქმე ისაა, რომ ბორისის მშობლები 1892-1894 წწ. გაწევრიანებულები იყვნენ „თბილისის მუსიკალურ წრეში“ (Тифлисский музикальный кружок) და სწორედ იქ დაუახლოვდნენ დიდ მომღერალს. ალექსანდრე გრიგოლის ძე მღეროდა კიდეც სცენაზე. მისი სასცენო ფსევდონიმი იყო ა. სანინი. შალიაპინი ნათლულს არ ივიწყებდა, უგზავნიდა საჩუქრებსა და პორტრეტებს თავისი ავტოგრაფით.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ვკითხულობთ, 1909 წელს ბორის რჩეულოვი პეტერბურგის ალექსანდრეს სახელობის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა. იმ პერიოდისათვის მამამისი უკვე გადამდგარი იყო „პოდპოლკოვნიკის“ ჩინით და ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. კადეტები სამხედრო დისციპლინების გარდა, სხვა საგნებსაც საფუძვლიანად სწავლობდნენ. ბორისი ელექტროტექნიკურ ინსტიტუტშიც ესწრებოდა ლექციებს. საბუნებისმეტყველო სფეროში მიღებულმა კარგმა განათლებამ ხელი შეუწყო მასში გამომგონებლის ნიჭის გაღვივებას.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კადეტთა კორპუსი შრომის სკოლად გადაკეთდა. ბორის რჩეულოვმა 1918 წ. ეს სკოლა დაამთავრა და სწავლა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განაგრძო, მაგრამ სამოქალაქო ომთან დაკავშირებით, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1918-1920 წწ. სახელოსნოების უფროსის მოვალეობას ასრულებდა და ამავე დროს უძღვებოდა მე-7 არმიის პოლიტგანყოფილების ფოტოკინემატოგრაფიის ბიუროს. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი გამოგონება – „მოლაპარაკე კინემატოგრაფი“. შემონახულია გამოგონების აღწერილობა, რომელიც 1919 წლის 10 დეკემბრითაა დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ პირველი ხმოვანი კინოთეატრი ლენინგრადში, პროფესორ ა. შორინის ხელმძღვანელობით შექმნილი აპარატურით, მხოლოდ 1929 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
1922 წელს მეცნიერმა რუსეთში დააპატენტა მაგნიტური ჩაწერის სისტემა (1922 г., патент № 3803, СССР), რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი იწერებოდა ლითონის მავთულზე, ან ლითონის სხვა საგანზე. ამ მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელი გახდა ვიზუალური ხმოვანი სიგნალების აღწარმოება და მრავალ მიმღებზე ერთდროული მიღება. თავისი გამოგონებისთვის გამოიყენა ვოლდემარ პულსენის მიერ შექმნილი აპარატი ე. წ. „ტელეგრაფონი“. ბორის რჩეულოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ აპარატის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნებოდა სატელევიზიო სიგნალების მაგნიტურ სუბსტანციაზე ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ მისი გამოგონება პრაქტიკაში არასოდეს გამოყენებულა, თუმცა დღემდე ითვლება გამოსახულების მაგნიტური ხერხით ჩაწერის პირველ ნიმუშად.
1921-1922 წლებში ბორის რჩეულოვი ხელმძღვანელობდა უმაღლესი სამხედრო ავტოსაჯავშნო სკოლის სასწავლო ლაბორატორიას და ასწავლიდა ფიზიკას პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში. რეზერვში გასვლის შემდეგ ჩაერთო სატელევიზიო სისტემების შემუშავებაში და ორი წლის შემდეგ გამოგონებათა კომიტეტში რამდენიმე კონსტრუქცია წარადგინა. სამეცნიერო საზოგადოება პროექტით დაინტერესდა და პროფესორ ა. პეტროვსკის ხელმძღვანელობით, გარკვეული სამუშაოებიც ჩატარდა. კვლევების გაგრძელებას შესაბამისის ფინანსები სჭირდებოდა და მოულოდნელად დახმარების ხელი გამოუწოდა ცნობილმა მევიოლინემ, იაშა ხეიფეცმა, რომელიც მისი კომპანიონი გახდა. სატელევიზიო აპარატზე მუშაობის დასამთავრებლად ფიზიკოსი ინგლისში გაემგზავრა და ცხრა თვის შემდეგ, 1927 წლის 15 სექტემბერს აქვე დააპატენტა თავის უნიკალური გამოგონება – ვიდეო–მაგნიტური ჩამწერი ხელსაწყო. სამწუხაროდ ამავე თვეში გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა საბჭოთა კავშირსა და ინგლისს შორის, ბორის რჩეულოვს უარი უთხრეს ვიზის გაგრძელებაზე და იგი სამშობლოში დაბრუნდა.
XX საუკუნის 20–იანი წლების საბჭოთა კავშირში ბორის რჩეულოვის გამოგონებისათვის არავის ეცალა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ფიზიკოსი ამაოდ ცდილობდა სახელმწიფო ორგანოების დაინტერესებას, მერე კი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო კონსტრუქტორად სატელეფონო ქარხანაში. სამუშაო ადგილს ხშირად იცვლიდა, მაგრამ სადაც არ უნდა ემუშავა, გამომგონებლის ნიჭსა და უნარს ყველგან ამჟღავნებდა.
ზემოთ დასახელებულთა გარდა, ბორის რჩეულოვის სხვა მნიშვნელოვანი გამოგონებებია – ელექტროლიტური კონდენსატორი, კანიფოლით შევსებული სარჩილავი მავთული, სამხედრო დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობები და ტელევიზიისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები.
ბორის რჩეულოვი ლენინგრადში ბლოკადის დროს გარდაიცვალა. ამ ამბავს მის პირად საქმეში დაცული ცნობიდან ვიგებთ:
გაცემულია III რანგის სამხედრო ინჟინერ ბორის ალექსანდრეს ძე რჩეულოვზე მასზედ, რომ იგი 1942 წლის 5 თებერვლიდან სამკურნალოდ იმყოფებოდა სამხედრო ჰოსპიტალში N1014, სადაც 1942 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა.