საკრებულოს წევრებმა დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას მიაგეს პატივი
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია საკრებულოს სხვა წევრებთან-დავით უთმელიძესთან, გულია გოცირიძესთან და ილია ჯიშკარიანთან ერთად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ. დეპუტატებმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
მარიკა დარჩიამ დიმიტრი ყიფიანის დამსახურებებზე ისაუბრა და მის მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
,,დღეს დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეა. ჩვენ მოვედით, რათა პატივი ვცეთ მის ხსოვნას იმ შეუფასებელი ღვაწლის გამო, რომელიც მან ქვეყნის წინაშე გასწია. დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისის პირველი არჩეული ქალაქის თავი, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებებით ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
მისივე სახელს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების დაფუძნება, როგორიცაა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ასევე ქართული დრამატული საზოგადოება. ამასთანავე ის იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
ეს არის მის მიერ გაკეთებული დიდი საქმეების მცირე ჩამონათვალი.
დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ყველა ქართველისათვის მისაბაძი მაგალითია’’,-განაცხადა მარიკა დარჩიამ.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებით, დიმიტრი ყიფიანი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი.