წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა. პროექტის გახსნის ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წიგნის დედაქალაქის სტატუსი კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადაიბარა.
თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება საქართველოს დედაქალაქისკენ იქნება მიმართული.
„დღეს თბილისისთვის ისტორიული დღეა. ჩვენი ქალაქი, თანამედროვე მსოფლიოს დედაქალაქის წოდებას მიიღებს და ერთი წლის განმავლობაში, კითხვის, წერის, შემეცნების, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება. მომავალი წლის 23 აპრილამდე, მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი, რაც უდიდესი პასუხისმგებლობის გარდა, ჩვენი ლიტერატურული საგანძურის, თანამედროვე მწერლობის, საგამომცემლო სფეროში არსებული პროცესებისა და სხვა მომიჯნავე სფეროების, მსოფლიოსთვის გაცნობის უნიკალური საშუალებაა.
„წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ იუნესკოს პროექტია, რომელმაც, ჯერ კიდევ, 2019 წელს, ჩვენი მხრიდან წარდგენილი პროგრამა რამდენიმე კომპონენტის გამო გამოარჩია. მთელ წელიწადზე გაწერილი პროგრამა საქმიანი, შემეცნებითი და, რაც მთავარია, მომავალზეა ორიენტირებულია. პროგრამაში თავისთვის საინტერესოს აღმოაჩენს ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი, ვისაც სურს მეტი იცოდეს, გაიფართოვოს თვალსაწიერი, გაიცნოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები და, ამავდროულად, საკუთარი თავიც წარმოაჩინოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგროც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მომდევნო წლის განმავლობაში, თბილისის ახალი სტატუსის გათვალისწინებით, მრავალი ღონისძიება იქნება დაგეგმილი, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება.
„მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მართლაც დიდი სამუშაო გველის, რომლის განხორციელებაც საუკეთესო გუნდს მივანდეთ და გვჯერა მათი პროფესიონალიზმის. მეც, ჩემი გუნდით, მათ გვერდით ვდგავარ და მზად ვარ, ყველა გამოწვევასა თუ წარმატებას მათთან ერთად შევხვდე.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი პარტნიორები, ვისი უშუალო მონაწილეობითაც წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდება. ესენია: მწერალთა სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის მუზეუმების გაერთიანება, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და სხვა. ეს ორგანიზაციები, მრავალი წელია, ქვეყანაში წიგნის სფეროს პოპულარიზაციას ეწევიან, მჭიდრო კავშირი აქვთ მკითხველთან, პოტენციურ მკითხველთან და საუკეთესოდ იციან, რა არის საჭირო ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის სწორი მიმართულებით განსავითარებლად.
და ბოლოს, მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ვისურვო, რომ ეს იყოს სწორედ ის წელიწადი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს სასიკეთოდ შეცვლის, ჩვენს საზოგადოებას მეტ თვალსაწიერს გაუხსნის, მსოფლიოს კი ახალი კუთხით გააცნობს ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი იან დენისონი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი ვერა მიხალსკი-ჰოფმანი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი ხოსე ბორგინო, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი ბოდურ ალ ქასიმი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალა ლუმპურის მერის მოადგილე ამვარ ბინ მოჰდ ზაინი, პროექტის დირექტორი შეიხ ფაიზალ ბინ შეიხ მანსორი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენის დირექტორი მარისოლ შულცი, ათენის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კოორდინატორი ანა როუტსი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები.
World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. სააპლიკაციო პროცესი რთული და კომპლექსურია. აპლიკაცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს ,როგორც ქალაქის სრულ ისტორიულ და თანამედროვე სურათს, ასევე, მთელი წლის განმავლობაში ზედმიწევნით გაწერილ გეგმას, თუ რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდება პროექტის ფარგლებში და რა გავლენა ექნება პროექტს ქალაქის განვითარებაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში.
თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ წარდგენილი აპლიკაცია გადაწყვეტილების მიმღებთათვის საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან მასში ჩანს როგორც პროექტის თანამედროვე კონცეფცია, ასევე, სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ჰარმონიული თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების თანამედროვე გზები და მათში საზოგადოების მაქსიმალური ინტეგრაცია.
იუნესკოს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.