თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობას სპეციალური მთვლელებით გააკონტროლებენ

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადების დასათვლელად სპეციალურ მთვლელებს ყიდულობს. მერია, ბიუჯეტის ფულით, სულ 1000 მთვლელს იყიდის, რისთვისაც 3,3 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება 3,3 ათასი ლარი გამოდის.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა მიაწოდოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად. კომპანიას თითოეულ ჯერზე მოთხოვნის შესასრულებლად 50-დღიანი ვადა ექნება. მოწყობილობების საგარანტიო ვადა 3 წელი იქნება.

„აღნიშნული მოწყობილობების შეძენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების მგზავრობიდან მიღებული შემოსავალი მიემართება სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო მგზავრთა რაოდენობისა და გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის კონტროლისა და მეტი სიზუსტისთვის, წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მსგავსი მოწყობილობების მონტაჟი”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

წყარო: radiotavisupleba

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები