ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა
თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა. გამოფენა ორნაწილიანია და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასიალაია დაესწრო.
„სახელმწიფო ენის დღე თბილისის მერიამ საინტერესო ღონისძიებით აღნიშნა. დღევანდელი გამოფენა ამ დღის ერთგვარი გაგრძელებაა და მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეს ამ სახითაც წარმოვუდგენთ. ორ დღეში თბილისი იუნესკოს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მასპინძელი გახდება, რომლის ღირსეულად ჩატარების მისიაც თბილისის მერიას აქვს აღებული. მჯერა, რომ მომავალი წლის ამ დროისთვის, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მომავალი თაობა, კიდევ უფრო იქნება დაახლოებული წიგნთან“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიამ.
„აღნიშნული გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მწერლობა ნამდვილად გახლავთ მსოფლიო კულტურის მონაპოვარი, მისი, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისთვის გაცნობა კი ჩვენი ვალდებულებაა. თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე ქართულ მწერლობასაც გააცნობს, საგამომცემლო სფერო კი უფრო განვითარდება“, აღნიშნა იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.
გამოფენის პირველი ნაწილი წარმოაჩენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს, როგორც ქართული წიგნის ისტორიის სათავეს. მათ შორისაა: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია-კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები. გამოფენის ამ ნაწილში, ასევე, წარმოდგენილი იქნება ზომითა და ფორმით გამორჩეული ხელნაწერი წიგნებიც.
გამოფენის მეორე ნაწილი – „შეხვედრა კლასიკოსებთან – ავტოგრაფების სამყაროში“ წარმოგვიდგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცულ, კლასიკური ნაწარმოებების ავტოგრაფებს. მათ შორისაა: იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, მოსე ხონელის, თეიმურაზ I, არჩილის, თეიმურაზ II, სულხან-საბა ორბელიანის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებების ხელნაწერები.
გამოფენის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო აქტივობები და ონლაინექსკურსიაც.