გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში გზის საფარის მოწესრიგება სრულდება.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი 425 გრძივ მეტრზე მოეწყო. ასევე, გაკეთდა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები კი, დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტისთვის 457 765 ლარია გათვალისწინებული.
პატარა ტბის დასახლებაში გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების, ინგუშეთის ჩიხისა და გასასვლელის გზის საფარის რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. წინამძღვრიშვილის ქუჩის მოწესრიგება კი მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხორციელდებოდა. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გასულ წელს აღნიშნულ ქუჩაზე წყალარინების ქსელი შეიცვალა, რის შემდეგაც გლდანის გამგეობამ საგზაო სამუშაოები დაიწყო.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი – ლევან ნაროუშვილი გაეცნო.