ნატო: რუსეთი საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს
“რუსეთი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მდგრადი დესტაბილიზაციის ქცევის დემონსტრირებას აგრძელებს”, – ამის შესახებ ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების შესახებ საუბრობს, რომლის მაგალითადაც აშშ-ის არჩევნებში ჩარევა და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე თავდასხმა მოჰყავს. ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და შეწყვიტოს პროვოკაციები.
,,ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ შეერთებულ შტატებს, 15 აპრილს რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე რეაგირებასთან დაკავშირებით. მოკავშირეები ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების ასამაღლებლად ინდივიდურ და ერთობლივ მოქმედებებს ატარებენ.
რუსეთი აგრძელებს მდგრადი დესტაბილიზაციის ქცევის დემონსტრირებას, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევებით, მრავალი საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის, ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევით და გვერდის ავლით. რუსეთის ქცევის მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ მოკავშირეთა არჩევნებში ჩარევის მცდელობა, მათ შორის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ფართო დეზინფორმაციული კამპანიები და მავნე კიბერსაქმიანობა. შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების შეფასებით, ყველა არსებული მტკიცებულება SolarWinds-ის გატეხვაში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. სოლიდარობას ვუცხადებთ შეერთებულ შტატებს. ვგმობთ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე აკრძალული ნივთიერება ნოვიჩოკის გამოყენებით თავდასხმას. აკრძალული ქიმიური ნივთიერების (იარაღის) გამოყენება ნებისმიერ ვითარებაში საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს და ქიმიური იარაღის კონვენციას ეწინააღმდეგება. ცნობები, რომ რუსეთმა ხელი შეუწყო ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს, ასევე, შემაშფოთებელია.
მოკავშირეები გააგრძელებენ მჭიდრო კონსულტაციებს და მუშაობას რუსეთის იმ ქმედებების გადასაჭრელად, რომლებიც ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქცევა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ისე, როგორც მოკავშირეები ასრულებენ. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციები და უკრაინის საზღვრებზე და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში სიტუაციის დეესკალაცია მოახდინოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თავშეკავებისა და თავდაცვის პოზიციის უზრუნველყოფას, ნატო კვლავ ღიაა პერიოდული, ფოკუსირებული და შინაარსიანი დიალოგისთვის და რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის, როდესაც ამის გაკეთება შესაძლებელი გახდება რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე. ვწუხვართ, რომ რუსეთი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ ნატოს 2020 წლის მიწვევას უგულებელყოფს”, – ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.