თბილისის მერი, კახა კალაძე დაინტერესებულ პირებს იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი პარკის მშენებლობის პროექტის განხილვაში ჩართულობისკენ მოუწოდებს.
როგორც მან ფეისბუქჩართვისას განაცხადა, თბილისის ცენტრალური პარკი ერთ-ერთი საუკეთესო სარეკრეაციო სივრცე იქნება.
„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო ცენტრალური პარკის პროექტს. იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აკეთებს. ეს ტერიტორია საჩუქრად ივანიშვილების ოჯახისგან გადმოეცა მუნიციპალიტეტს და ამ პროექტსაც უშუალოდ ახორციელებს ფონდი „ქართუ“. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთონ და მიიღონ სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე სამუშაოების დასრულების შემდეგ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ჩართულობას, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადეოაბს პროექტთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია, წინასწარ გითხრათ, რომ ეს იქნება მაგარი დასასვენებელი ადგილი, რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ, გაერთონ და აშ.“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.