ბედნიერება, სადაც ხელისმომკიდე მიხეილ ქვლივიძე იყო – ინსულტის შემდეგ დაწყებული ხატვა
გვინდა დაბადების დღე მოვულოცოთ ტამა პოპკოვა-კაპანაძეს, ბერლინში მცხოვრებ დიდებულ ქალბატონს, რომელიც თბილისსა და საქართველოზე არის მიჯაჭვული ყოველდღიური ფიქრით. მისი ცხოვრების საუკეთესო და ნაყოფიერი წლები ხომ საქართველოს უკავშირდება. აქ დაიბადა, გაიზარდა, ისწავლა და შექმნა შესანიშნავი ოჯახი. ბედმა არგუნა, რომ გამხდარიყო გამოჩენილი მხატვრის ზურაბ კაპანაძის მეუღლე.
ყველაზე ამაღელვებელ და გაუხუნარ პერიოდად ის ზურაბთან თანაცხოვრების ოთხ ათეულ წელიწადს მიიჩნევს, რომელიც სავსე იყო სიყვარულით, ყურადღებით, სისხლსავსე სოციალური ცხოვრებით.
პროფესიით ბიბლიოგრაფმა წლების განმავლობაში ჯერ საქართველოს ტექნიკურ ბიბლიოთეკაში იმუშავა, მერე კი იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელის წიგნთსაცავში. ვისაც იმ წლებში შეხება ჰქონია ამ დაწესებულებებთან, აუცილებლად ემახსოვრება ქალბატონი ტამა, წიგნის და მკითხველის დიდად დამფასებელი ქალბატონი.
მას ძნელი ბავშვობა ერგო, რადგან 1937 წელს მისი მშობლები სამშობლოს მტრებად შერაცხეს. მამა დახვრიტეს, დედას კი ცხრა წლით გადასახლება მიუსაჯეს. ათი წლის გოგონა ქუთაისში წაიყვანეს ბებიებმა გასაზრდელად. ქელბაქიანების დიდმა ოჯახმა მას ისეთი სიყვარული უბოძა, რამაც იგი მთელი ცხოვრება ასაზრდოვა და ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან დაეხმარა.
ტამამ და ზურაბმა ერთმანეთი წაღვერში გაიცნეს. იმხანად წაღვერი ერთობ მოდური ადგილი იყო და ზაფხულობით აქ ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა დასასვენებლად. ზურაბ კაპანაძე მაშინ დამწყები მხატვარი იყო და ადგილობრივი კულტურის სახლის სცენას მხატვრულად აფორმებდა, სადაც თეატრალური და მუსიკალური საღამოები იმართებოდა ხოლმე. პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ გააცნო ისინი ერთმანეთს და მერე მათი ხელისმომკიდეც ის გახდა.
ზურაბს საოცარი სამეგობრო წრე ჰყავდა, რომლებიც მალე ტამას გულითადი მეგობრებიც გახდნენ. ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ და ყოველი დღე სავსე იყო საინტერესო შეხვდრებით, ერთმანეთის წარმატებების თუ საზრუნავის გაზიარებით.
გიგლა ფირცხალავა, თემიკო ჩირგაძე, თემურ ლოლაძე, გული მატაბელი, ზურაბ ლეჟავა, გოგი ჩახავა, ელგუჯა ბერძენიშვილი, ნოდარ გურაბანიძე განუყრელი მეგობრები იყვნენ და მათთან ურთიერთობა ეს იყო სიხარულის, ხალისის, ადამიანური ბედნიერების ნამდვილი მწვერვალი.
ეს იყო მართლაც სავსე და მრავალფეროვანი ცხოვრება, რომელიც 1989 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს ზურაბი გარდაიცვალა, რაც ტამასთვის და მათი ქალიშვილის სოფოსთვის უდიდესი დარტყმა და შოკი აღმოჩნდა. ამას თან დაერთო ქვეყანაში დაწყებული არეულობა, რამაც სრულიად უნუგეშო დღეში ჩააგდო გამოჩენილი მხატვრის ოჯახი. სოფომ გადაწყვიტა გერმანიაში გამგზავრება და მალე იქ დამკვიდრდა კიდეც.
ამის შემდეგ მან დედა და მასთან დატოვებული მცირეწლოვანი შვილიც თან წაიყვანა და ახლა სამივე ბერლინის მკვიდრები არიან.
ქალბატონ ტამას ყველაზე მეტად გაუჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, წარმოიდგინეთ, რა დამთრგუნველია მუდამ სისხლსავსე ცხოვრებით განებივრებული ადამიანისთვის იზოლაციაში მოქცევა. ამასთან, ჯანმრთელობის პრობლებებიც დაეწყო, ინსულტი დაემართა, რამაც მარჯვენა ხელ-ფეხი დაუზიანა. თუმცა მებრძოლი ბუნების ქალბატონი ტამა ასე იოლად არ დანებებია ავადმყოფობას, ისწავლა მასთან ერთად თანაცხოვრება და მოწყენილობასთან გამკლავებაც შეძლო. სრულიად მოულოდნელად მან სამხატვრო მასალები მოითხოვა და ხატვა დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში მან ათობით ულამაზესი სურათი შექმნა და სხვადასხვა კონკურსსა და გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა და პრიზებითაც კი აღნიშნეს ისინი.
აქვე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ქალბატონ ტამას რამდენიმე ნამუშევარს, რაც თვალცხადად დაგარწმუნებთ, თუ როგორი მზიური სული აქვს ამ სიკეთით სავსე ადამიანს.
იგი შვილის – სოფოსა და შვილიშვილის – ირინა ასათიანის მზრუნველობითა და სიყვარულით არის გარემოსილი ბერლინში. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სოფო შესანიშნავი მხატვარი და დიზაინერია, გერმანიაში მრავალ ადგილას შეხვდებით მისი მხატვრობითა თუ დიზაინით შესრულებულ და დამშვენებულ ინტერიერსა და გარემოს. ირინა ასათიანი კი დამწყები ხელოვანია, რომელმაც თავიდან ბერლინის მიუზიკლის აკადემია დაამთავრა, ახლახან კი პეზაროს ბელ კანტოს სკოლის დიპლომი მიიღო.
ვნახოთ, როგორ განვითარდება ამ ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდის შემდგომი პროფესიული კარიერა. მას ყველაფერი უწყობს ხელს, რომ შესამჩნევ წარმატებებს მიაღწიოს.
რაც შეეხება ჩვენს ძვირფას ქალბატონ ტამას, რომელიც დღეს თავის 94-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, მას განსაკუთრებით ადარდებს ზურაბ კაპანაძის მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობის ბედი, რომელსაც წლების განმავლობაში სათუთად უვლის და უფრთხილდება. რადგან ზურაბი უაღრესად მორიდებული პიროვნება იყო და არასოდეს უფიქრია პერსონალური გამოფენის ან საკუთარი ალბომის გამოცემაზე, იგი თვლის, რომ ეს აწი მაინც უნდა მოხდეს. სამი წლის შემდეგ ხომ ასი წელი სრულდება ზურაბ კაპანაძის დაბადებიდან!
ქალბატონი ტამა იმედოვნებს, რომ ეს გამოფენა და ალბომი ხელხლა გააცოცხლებს ზურაბ კაპანაძის ფერფლწაყრილ სახელს და დაარწმუნებს ყველას, თუ როგორი დიდი ხელოვანი ჰყავს მისი სახით საქართველოს.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან