თბილისის ტროლეიბუსები

პირველი ტროლეიბუსი თბილისში 1937 წლიდან გამოჩნდა, თუმცა გადაწყვეტილება ტროლეიბუსების პარკის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ 1934 წელს მიიღეს. პირველი ხაზის სიგრძე სულ რაღაც 15 კილომეტრი იყო, თუმცა გასული საუკუნის 70-იან წლებში ტროლეიბუსების ხაზის სიგრძემ 95 კილომეტრს მიაღწია.

ტროლეიბუსის მთავარი კონკურენტი თბილისში ტრამვაი იყო და სხვათა შორის, ამ კონკურენციაში უპირატესობა  ყოველთვის ტრამვაის ჰქონდა. ტროლეიბუსების საერთო წილი მგზავრთა გადაყვანაში 20%-ს არ აღემატებოდა მაშინ, როცა ტრამვაის წილი ხშირ შემთხვევაში 35-40%-ს აღწევდა. თუმცა, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში უპირატესობა მაინც ტროლეიბუსებს ჰქონდათ.

ტრამვაი, ძირითადად, პერიფერიებს ემსახურებოდა. 1986 წლისათვის თბილისში ტროლეუბუსების ხაზის სიგრძემ 221 კილომეტრს მიაღწია. ამ დროისათვის  21 მარშრუტზე დედაქალაქში 225 ტროლეიბუსი მოძრაობდა. 1983–87 წლებში თბილისში მთლიანად განახლდა ტროლეიბუსების პარკი და 1987 წლიდან თბილისში მხოლოდ Škoda 14tr მოდელის ტროლეიბუსები მოძრაობდა.

1991 წლიდან თბილისში ტროლეიბუსის ხაზების შეკვეცა დაიწყო. 1992–95 წლებში მოძრავი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. თუმცა, 1999 წელს თბილისში ათენიდან 37 მეორადი ტროლეიბუსი ЗиУ-9 ჩამოიყვანეს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 90-იანი წლების ბოლოს, მეტროსთან ერთად, ტროლეიბუსი თბილისში ერთადერთი რეალურად მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. თბილისის ტროლეიბუსებმა არსებობა 2006 წელს შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები