ივერთუბანში 9 აპრილის გმირის, თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ივერთუბანში 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შედეგად დაღუპული გმირის, თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ქუჩის გახსნას კომისიის თავმჯდომარე – მიხეილ ამაშუკელი, საქართველოს პარლამენტის წევრი – რიმა ბერაძე, ასევე, თამუნა დოლიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
მიხეილ ამაშუკელმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა იმ ადამიანის ღვაწლი, ვინც საკუთარი სამშობლოსთვის გასწირა თავი, სათანადოდ დაფასდება.
„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დღეა. ეს არის ერთიანობის, გაუტეხლობისა და გამარჯვების დღე. 32 წლის წინ ქართველმა ახალგაზრდებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და ამ ტრაგედიიდან ორი წლის თავზე თავისუფლება მოიპოვეს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და თავგანწირვისთვის თითოეულ მათგანს მთელი ქვეყნის სახელით ვუხდი მადლობას”, – განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის დეპუტატმა, რიმა ბერაძემაც მიმართა.
„1989 წლის 9 აპრილის ღამე იყო ტრაგიკული, თუმცა, ამავდროულად, ეს არის თარიღი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ თამუნასნაირმა გმირებმა შექმნეს ეპოქა’’, – აღნიშნა რიმა ბერაძემ და დედაქალაქის საკრებულოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანი, მათ შორის, 17 ქალი შეეწირა.
მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა – ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.