თბილისის N192 ბაგა-ბაღს ისრაელის საელჩომ საჩუქრები გადასცა

თბილისის N192 ბაგა-ბაღს საქართველოში ისრაელისა და ჩეხეთის ელჩები, რან გიდორი და პეტერ მიკისკა ესტუმრნენ და დაწესებულებაში მოქმედი ე.წ. გარდამავალი ჯგუფისთვის განკუთვნილი ინვენტარი საჩუქრად გადასცეს.

ეს თბილისის მასშტაბით მოქმედი ერთადერთი ბაღია, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელშეწყობით, 2018 წლიდან „გარდამავალი ჯგუფი“ ფუნქციონირებს.

პროექტის მიზანი აუტიზმის სპექტრისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის იმგვარი გარემოს შექმნაა, რაც აღსაზრდელებს ტიპური განვითარების ჯგუფებში უმტკივნეულო და ჰარმონიულ ინტეგრაციას გაუადვილებს.

„პროექტი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინიციატივით, სამი წლის წინ დაიწყო და, მისი ეფექტურობის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ამასთან, N192 ბაღი პროექტში ჩართულ დონორებთან თანამშრომლობას განაგრძობს. შედეგად, დღეს ისრაელის საელჩომ საჩუქრების ნაკრები – სათამაშოები, ლიტერატურა და სხვა ინვენტარი გადმოგვცა, რისთვისაც სტუმრებს მადლობას ვუხდი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.

„გარდამავალ ჯგუფს“ ადრეული განვითარების ოთხი სპეციალისტი ხელმძღვანელობს. ჯგუფი საჭირო ინვენტარითა და რესურსით აღიჭურვა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვისთვის გარემო ხელმისაწვდომი და სასურველი ხდება.

სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ, ბაღის სხვა აღმზრდელებთან თანამშრომლობენ და წინასწარ ათანხმებენ სტრატეგიებს ბავშვების ამა თუ იმ ჯგუფში გადაყვანის შესახებ. ბაღის უკლებლივ ყველა პედაგოგი გადამზადებულია ინკლუზიური განათლების საკითხებში და სპეციალური პედაგოგებისგან ბავშვების რთულ ქცევასთან გამკლავებას სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები