ლატვიაში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრმა ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატო-ს გაძლიერებული, მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის ხელმძღვანელობით, ლატვიაში ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატო-ს გაძლიერებული, მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვედანაყოფი შესაბამისი საბრძოლო აღჭურვილობით ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების ფარგლებში უზრუნველყოფს ალიანსის სამხრეთ აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების განმტკიცებას, თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას. თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრებთან ერთად მინისტრი ბაზის პოლიგონზე ლატვიური წარმოების უპილოტო საფრენი სისტემის PenguinC M2 პრაქტიკულ დემონსტრაციას დაესწრო და მის შესაძლებლობებს გაეცნო.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე ვიზიტი ძალიან პროდუქტიული იყო და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. „ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია გავცვალეთ და მინდა, რომ ამ მიმართულებით ლატვიის დამოკიდებულება გავიზიაროთ, ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი გამოცდილების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლატვიის თავდაცვის მინისტრს, არტის პაბრიკსსა და ლატვიის სეიმის სპიკერს, ინარა მურნიეცეს.
ვიზიტის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან.
ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები