თავდაცვის ძალების მეთაურმა დეპუტატებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში შეხვდა, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი – ზურაბ აზარაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტუმრებს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსებმა ყურადღება განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სტრუქტურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, თავდაცვის უწყებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების იმედი გამოთქვეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზებსა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში JTEC-ში და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.