თბილისში, ტყვარჩელის ქუჩაზე, ბარაკების ადგილას სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, სადაც ე.წ ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განხორციელდა, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ტარდება. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და იგება რულონური ბალახი. აგრეთვე, სკვერში LED განათების სისტემა დამონტაჟდა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„სპორტის სასახლის მიმდებარედ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ე.წ ბარაკების ადგილას კორპუსის ნაცვლად, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, რის შემდეგაც, ბარაკების ტიპის საცხოვრებელ სახლებს დემონტაჟი ჩაუტარდა. სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, უახლოეს მომავალში მოსახლეობას გამწვანებული, კეთილმოწყობილი ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.