დუშეთში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

შენობაში განთავსდება მისაღები, ადმინისტრაციის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, სამრეცხაო, ძიუდოს და კალათბურთის დარბაზები, ტრენაჟორების ოთახი, სასტუმროს ოთახები, ტრიბუნები.

„მცხეთა-მთიანეთს ძალიან საინტერესო პროექტები აქვს. რამდენიმე წელია, ყველა მუნიციპალიტეტში საკმაოდ რთული საინჟინრო პროექტები მიმდინარეობს. წელს დუშეთში, დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი იხარჯება რეგიონული პროექტებიდან. ამჟამად მიმდინარეობს 4 ბაღის სრული რეაბილიტაცია, წყალმომარაგების 2 საკმაოდ მასშტაბური პროექტი და დუშეთისთვის ისტორიულია მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა, რომელიც დაიწყო 2020 წელს და ველოდებით რომ დამთავრდება წლის ბოლომდე. ერთ-ერთი საინტერესო ნაგებობა იქნება მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის, რაც აქტიურად შეუწყობს ხელს ჯანმრთელი ცხოვრების წესს“, – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

„სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, ადგილზე 50-მდე მოქალაქეა დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მაცხოვრებელია. პროექტის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამ ეტაპზე აშენებულია შენობის ორი სართული, მსგავსი სახის ობიექტი რეგიონში იქნება პირველი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები