თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამჯერად საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და ინტენსიური გახდება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგულ მხარეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით, სამთო მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცეპოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები