თბილისის საკრებულოში წიგნის „მედიცინა ძველ თბილისში“ პრეზენტაცია გაიმართა
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში წიგნის „მედიცინა ძველ თბილისში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც საკრებულოს წევრები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწყო. ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებმა კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პრეზენტაცია საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.
„თანამედროვე მედიცინის განვითარებისთვის მედიცინის ისტორიის შესწავლას, წარსულის ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებას, ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ამ გამოცემაში წარმოდგენილი მასალები მნიშვნელოვან რესურსად იქცევა პროფესიული წრეებისთვის და საინტერესო იქნება საქართველოს მედიცინის ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა, ქართველ მედიკოსებს პანდემიასთან დაუღალავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნული გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენთვის ძვირფასი ექიმების მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოგვეხატა. მადლობა მათ პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომისთვის, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ასევე, მადლობას ვუხდი წიგნის ავტორს, ანა ბაქანიძეს, რომელმაც გვაჩვენა, როგორი იყო „მედიცინა ძველ თბილისში“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე, წიგნის „მედიცინა ძველ თბილისში“ გამოცემის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა, პროფესორმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
წიგნის შექმნა და გამოცემა დედაქალაქის მიერ გამოცხადებული კონკურსის “შემოქმედებითი თბილისი“ ფარგლებში დაფინანსდა. წიგნი ფილოლოგის, მედიის კვლევარისა და ჟურნალისტის ანა ბაქანიძის მიერ არის შედგენილი და აღნიშნული პერიოდის სტატიებს გამოცემებიდან „დროება“ და „ივერია“ მოიცავს. მასში აგრეთვე საუბარია ამ პერიოდის საქართველოში პანდემიების მიმართ საზოგადოებრივი განწყობებისა და მიდგომების შესახებ, რაც ასახული იყო იმ დროინდელ გამოცემებში.
პრეზენტაციაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ წიგნის ავტორი ანა ბაქანიძე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ლია ახალაძე და სხვა გამოჩენილი მედიკოსები.