„თბილისის ციფრულ სივრცეში“ ვინსენტ ვან გოგის ციფრული გამოფენა გაიხსნება
„თბილისის ციფრული სივრცე“ ვინსენტ ვან გოგის ციფრულ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე, რომელიც, სიმბოლურად, 30 მარტს გაიხსნება, წარმოდგენილი იქნება ვან გოგის 60-მდე ნამუშევარი. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი სწორედ 30 მარტს დაიბადა, წელს კი, მისი დაბადებიდან 168 წელი შესრულდება.
„ჰოლანდიელი გრაფიკოსისა და ფერმწერის, ვინსენტ ვან გოგისათვის დამახასიათებელი იდეალური ფერების კონტრასტი და გამოსახულებების გრძელი მონასმები დამთვარიელებელს გულგრილად არასდროს ტოვებს. მხატვარი ხალხმა მისი მომნუსხველი, ტრაგიკული ბიოგრაფიის გამოც შეიყვარა. იგი მუდმივად ებრძოდა სასოწარკვეთასა და მარტოობას, რასაც მის ნახატებშიც მარტივად შევამჩნევთ. საბოლოოდ, 29 ივლისს მხატვარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ კი სახსოვრად 900-მდე ნახატი დაგვიტოვა.
დამთვალიერებლები ვან გოგის უსაზღვრო ფერების სამყაროში მუზეუმის შესასვლელიდანვე მოხვდებიან. მუზეუმის მთავარ სივრცეში ვან გოგის 50-მდე ნახატი გაცოცხლდება. ამ ნახატებს შორის იქნება ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიც არის: ,,ვარსკვლავიანი ღამე-starry night’’, ,,ღამის კაფე’’, ,,ვან გოგის საძინებელი- საწოლი ოთახი არლში’’, ,,მზესუმზირები’’, ,, ყვავები პურის ყანაში’’, ვან გოგის პორტრეტები და სხვა. ციფრულად გაცოცხლებული მოძრავი გამოსახულებებისა და მელოდიების კომბინაცია მნახველებს თითოეულ ნახატში ამოგზაურებს. გამოფენა თანაბრად საინტერესო იქნება ყველა ასაკის ადამიანისათვის. სტუმრებისათვის განსაკუთრებით საყვარელ სარკეებიან ოთახში ამჯერად მზესუმზირების ინსტალაციები იქნება განთავსებული, რაც ნახატებიდან შექმნილ აურას კიდევ უფრო გაამძაფრებს. მზესუმზირები ხომ ვან გოგის საყვარელი ყვავილი იყო.“ – აღნიშნავენ „თბილისის ციფრული სივრცეში“.
მათივე ცნობით, სტუმრებს კიდევ ერთი საჩუქარი ელოდებათ. საქართველოში პირველად, დამთვალიერებს ვინსენტ ვან გოგის საძინებლის რეალურად ნახვა შეეძლებათ. საძინებელი ვან გოგის ცნობილი ნახატის მეორე ვერსიის რეკონსტრუქციას წარმოადგენს. მსოფლიოში აღნიშნული ოთახის სულ რამდენიმე რეკონსტრუქცია არსებობს, „თბილისის ციფრული სივრცე“ კი გამორჩეულ, ნახატთან მაქსიმალური სიზუსტით შექმნილ საძინებელს წარმოგვიდგენს. ვან გოგის საწოლი ოთახის ნახვა ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება.
მუზეუმში მხატვრის ხასიათსა და ნამუშევრებთან დაკავშირებული აურის შექმნაში თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი “Tbilisi Digital Space – თბილისის ციფრული სივრცე’’ 2019 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა და უკვე მეორე წელია, საზოგადოებას ციფრულ ხელოვნებას აზიარებს.