“შარშანდელთან შედარებით, ამჯერად, ჩამოშლილი იყო მიწის დიდი მასა” – ბენდელიანი ბაგები-წყნეთის გზაზე მომხდარ მეწყერზე

დედაქალაქის ვიცემერის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ბაგები-წყნეთის გზის იმ მონაკვეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩატარდა – კედელი მოეწყო და ავტომანქანების მოძრაობაც განახლდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთში მიწა პირველად არ ჩამოშლილა, თუმცა, ამჯერად ჩამოშლილი მიწის მასა შედარებით დიდი იყო.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ, ბაგები-წყნეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთში გამოვლინდა მეწყრული ზონა, ჩამოიშალა მიწის მასა და გზაზე გადაადგილებას შეექმნა საფრთხე. გუშინვე ოპერატიულად დაიგეგმა სამუშაო პროცესი, შეიზღუდა საგზაო მოძრაობა და საღამოს 9 საათიდან მერიის შესაბამისი სამსახურები შეუდგნენ ჩამოშლილი მიწის მასის გატანისა და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს. კედლის მოწყობა დილისთვის დასრულდა და აღდგა როგორც გზის უსაფრთხოება, ისე – ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა.

თქვენ იცით, რომ დედაქალაქში გვაქვს სხვადასხვა მეწყრული ზონა, მათ შორის, წყნეთის გზაზე, სადაც მიწის ჩამოშლა, კონკრეტულად ამ მონაკვეთში, პირველად არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის გზის რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო უსაფრთხოების კედლები.

შარშანდელთან შედარებით, ამჯერად, ჩამოშლილი იყო მიწის დიდი მასა და შემჭიდროებულ ვადებში სამუშაო უფრო რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, წუხანდელი უწყვეტი მუშაობის შედეგად, პრობლემა აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე გზაზე გადაადგილება  უსაფრთხოა. შემდგომი ეტაპის გამაგრებითი სამუშაოების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რათა პრობლემა სრულად აღმოიფხრას“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები