ირაკლი ბენდელიანი: დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა პირველადი გეგმა შეიმუშავა და უკვე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყება.

ვიცემერის განმარტებით, ადგილზე მოეწყობა დროებითი წინაღობა და დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემა.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ამ ეტაპზეც არ დგას.

„სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით, დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. პირველ ყოვლისა, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ.

ასევე, მომავალი კვირის ბოლოს დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას უზუნველყოფს. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ მეწყრული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს საფრთხე იარსებებს, დაუყოვნებლივ იქნება მიღებული ყველა საჭირო პრევენციული ზომა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მათ აქვთ ყველანაირი ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები