მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული ზონის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, დღეს, კიდევ ერთხელ დააკვირდა მეწყრულ პროცესს.
ადგილზე დილიდან იმყოფება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რომელმაც სპეციალისტების შეფასებებზე დაყრდნობით, მეწყრულ ზონაში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობასთან და მეწყრის პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მერის მოადგილემ ის კონკრეტული სამუშაოები ჩამოთვალა, რომელსაც თბილისის მერია უცხოელი ექპერტების ზედამხედველობით უახლოეს დღეებში დაიწყებს.
„გუშინ იყო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მერიაში, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. გუშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს ადგილზე გავსულიყავით და ერთობლივად დაგვეთვალიერებინა. იცით, რომ ეს არის მოძრაობაში მყოფი მეწყერი და აქ მუდმივად არის გარკვეული სახის ცვლილებები. რაც შეეხება რეკომენდაციებს და კონკრეტულ გადაწყვეტებს, ძირითად, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების და სამუშაო ჯგუფის მოსაზრებები ერთმანეთთან თანხვედრაშია. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, წლების მანძილზე აქ მიმდინარეობდა გარკვეული სახის მშენებლობები. ჩვენი პირველი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თვითონ ამ ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუყოვნებლივ დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეწყერი, რომელიც მოძრაობაშია. წინაღობა გაკეთდება და ეს იქნება დროებითი. ამის შემდეგ მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები უშუალოდ მეწყრულ ადგილზე. შემდეგში მოხდება გარკვეულ უბნებზე მიწის მასების მოჭრა და გატანა . ტერასული ტიპის გარკვეული სამუშაოები უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დაანკერება, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდის მოძრაობის შეჩერება სხვა ღონისძიებებთან ერთად მოხდეს ანკერული პრინციპით. ეს მეთოდი არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, აპრობირებული მეთოდია, თბილისშიცაა გამოყენებული, წყნეთი-ბეთანიის მეწყრის დროს და ა.შ. ამ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ. ხოლო თვითონ მთლიანი ღონისძიებების გატარებას რა დრო დასჭირდება, ამისი თქმა ახლა არასერიოზულია“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გელოვანი-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ამ ეტაპზე მხოლოდ უსაფრთხო ზონაში – გელოვანის ნაწილში გრძელდება. მისივე თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრთხეების საბოლოოდ ლიკვიდაციის შემდეგ.
„მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე აღდგება იმ ეტაპზე, როდესაც დავრწმუნდებით, რომ აქ გადაადგილება იქნება უსაფრთხო. სამუშაოებს რაც შეეხება, ქვედა, ანუ გელოვანის ნაწილში სამუშაოები უსაფრთხოა და იმ ნაწილში ვაგრძელებთ. რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩას, იქნება გარკვეული ტიპის სამუშაოები, მხოლოდ იმისთვის, ახლა რა ღონისძიებებიც ჩამოვთვალეთ. თვითონ ქვედა ნაწილის შეფასება გეოლოგების, ექსპერტების მიერ გაკეთებული იყო სამუშაოების დაწყებამდეც. არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული სახის გავლენა შეიძლება იქონიოს აქ მიმდინარე პროცესებმა. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ყველაფრისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ბენდელიანმა.
რაც შეეხება მეწყრული პროცესების საფრთხეებიდან გამომდინარე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებას, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, მეწყრის ზონაში მიმდინარე ყოველდღიური მონიტორინგის პარალელურად, ერთ კვირაში, დამატებითი, არაერთ ქვეყანაში წარმატებით აპრობირებული თანამედროვე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება.
„პირველი, რაც შემიძლია მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ვთქვათ – ახლა, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტების და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ რეალური საფრთხე დადგება, ქალაქში არსებული ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ჩვენთვის ყოველთვის მთავარი უსაფრთხოების ზომებია. შესაბამისად, ნებისმიერ ადგილზე, სადაც მოსახლეობას საფრთხე ექმნება, ყველგან გატარებული იქნება პრევენციული ზომები. ასევე, მოსახლეობის უფრო მეტი ინფორმირებისთვის და გარკვეულწილად, დამშვიდების მიზნით, შემიძლია, ვთქვა, რომ აქ გამოუვალი მდგომარეობა არ გვაქვს. ჩვენს ქალაქს ახსოვს გაცილებით დიდი მასშტაბის მეწყერები და ყოველთვის იყო დაგეგმილი ეფექტური ღონისძიებები