ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციური ჯგუფები ვიწროპარტიული ინტერესებიდან უნდა გამოვიდნენ
“ოპოზიციური ჯგუფები უნდა დადგნენ საკუთარ თავზე მაღლა და გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
ოხანაშვილის შეფასებით, ოპოზიცია კვლავ ულტიმატუმის ენით საუბრობს.
„იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ კომპრომისებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე, მოწმობს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, ასევე, ის სამართლიანი შეთავაზებები, რომლებიც ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარტნიორების მონაწილეობით პოლიტიკურ ოპონენტებს. ამიტომ ახლა ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა შეძლონ, დადგნენ საკუთარ თავზე მაღლა, გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან და ისაუბრონ არა ულტიმატუმის ენით, თუ რა არის მათთვის წითელი ხაზი, არამედ გამოხატონ რეალური მზაობა პოზიციების დაახლოებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზაობას ვაცხადებთ, რომ ის სამართლიანი შეთავაზებები, რაც დავდეთ და ასევე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, იყოს კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ პოზიციები დავაახლოოთ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.