ქრისტეფორე რაჭველიშვილი – „სტალინური სიით“ დაახვრეტილი ფილოლოგი
სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.
ქრისტეფორე რაჭველიშვილი (1891-1937) – ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე.
სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, შემდეგ ხარკოვის და ოდესის უნივერსიტეტებში. 1917–1919 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი სოციალ-ფედერალისტური პარტიიდან. ხელი მოაწერა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს.
იყო აფხაზეთში ეროვნული საბჭოს მიერ გაგზავნილი სპეციალური დელეგაციის წევრი.
საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ გახლდათ ბოლშევიკური რეჟიმის ოპოზიციაში, მემარჯვენე ფედერალისტთა იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი. 1923-1924 წლებში ციხეში იმყოფებოდა.
1924 წლის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა და ეწეოდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ მოღვაწეობას, იყო ქართველი მწერლების განმანათლებლების წრის აქტიური წევრი.
ქრისტეფორე რაჭველიშვილი დააკავეს 1937 წლის 16 ივლისს. ბრალად დაედო, რომ იყო სოციალ-ფედერალისტთა არალეგალური კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის მთავარი კომიტეტის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში და მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობაში.
1938 წლის 3 იანვარს თბილისში ჩეკამ მიიღო სტალინის მიერ ხელმოწერილი დასახვრეტი ადამიანების მორიგი სია, რომელშიც ქრისტეფორე რაჭველიშვილიც ფიგურირებდა.
გაასამართლეს 1938 წლის 16 იანვარს, დახვრიტეს 17 იანვარს.