მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს დაკარგული საფულე დაუბრუნა, რომელშიც ოქრო და სოლიდური თანხა იდო
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ისტორია გაიხსენა, თუ როგორ დაუბრუნა მერიის თანამშრომელმა, ლადო შეროზიამ ერთ-ერთ მოქალაქეს დაკარგული საფულე, რომელშიც ოქროს ნივთი და სოლიდური თანხა იდო.
„მინდა, ერთი სასიამოვნო ისტორია მოგიყვეთ. რამდენიმე დღის წინ ჩემს სახელზე შემოვიდა მოქალაქისგან წერილი. ეს მოქალაქე გახლავთ ქალბატონი ლია მეტრეველი-ცაგარელი. წერილში საუბრობდა, რომ დადიანის ქუჩაზე, მისი დაუდევრობის შედეგად, ქურთუკიდან ამოუვარდა საფულე, რაც რამდენიმე ხანში დაუბრუნა უკან ერთ-ერთმა პიროვნებამ. ამ საფულეში მას ჰქონდა ოქროს ნივთი და სოლიდური თანხა. ეს მოქალაქე აღმოჩნდა ჩვენი თანამშრომელი, ლადო შეროზია, რომელიც მინდა, გავაცნო საზოგადოებას. ის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი გახლავთ. მინდა, ადამიანურად, გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ კარგი საქციელისთვის. თითქოს, ჩვეულებრივი ისტორიაა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს მერიის ამბებთან, მაგრამ, ამავდროულად, ადამიანური თანადგომა და კეთილსინდისიერება არის ნებისმიერი უწყების სიძლიერე”, – აღნიშნა კალაძემ.