ირაკლი ბენდელიანი: გერმანელ ექსპერტებს მეწყრული პროცესების მართვაში დიდი გამოცდილება აქვთ

თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაც აქტიურად ხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მერის მოადგილე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცნო და აღნიშნა, რომ საზოგადოებას კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში მიაწვდის.

„დღეს უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები. ჯგუფი დილიდანვე გასულია და მიმდინარეობს შესწავლის ღონისძიებები. მთელი დღის განმავლობაში, ეს ჯგუფი უნდა იყოს კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, მოგვიანებით კი უკვე მერიაში გვექნება შეხვედრა. კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას ხვალისთვის მოგაწვდით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები, რაც ბუნებრივი პროცესია. გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტ კომპეტენტურ პირს, კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდეთ, ერთობლივად გამოვიტანოთ დასკვნები და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ის კომპანია, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ადგილზე იმყოფებიან, გამოცდილია მსგავსი პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ჯგუფი იმყოფებოდა წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებული მეწყერის დროსაც და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება მათი ჩართულობით მოხდა. ასევე, ეს ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული შეშელიძის ქუჩაზე არსებულ სამუშაოებში. ვინაიდან დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხალხი კომპეტენტურია და ამ მიმართულებით, დიდი გამოცდილება აქვთ, ამიტომ მოხდა პროცესში მათი ჩართულობა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. მეწყერის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ 15 მარტს გაავრცელა, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა 16 მარტიდან აიკრძალა.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. დღესაც იქნება მათთან დამატებითი შეხვედრა, წინა დღეებშიც იყო. რაც შეეხება დაცულობის საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, რომ უშუალოდ იმ არეალში და მის მიმდებარედ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მიმართულებით შეიძლება ეს მეწყრული პროცესები განვითარდეს, მოსახლეობა არ ცხოვრობს. ვინაიდან, მიმდინარეობს ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების შემდეგ შეიტყო მერიამ ამის შესახებ, ან კიდევ უფრო უარესი, თითქოს, ვიღაცამ იცოდა და მალავდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეწყრული პროცესები როგორც კი გააქტიურდა, იმ წუთიდანვე ვიცოდით, რადგანაც მუდმივი მონიტორინგი არსებობდა და მომავალშიც ასე იქნება. შესაბამისად, 15 მარტს გავავრცელეთ განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ მეწყერმა მიაღწია მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებისთვის საშიშ მდგომარეობას, არსებობდა გარკვეული სახის რისკები და 16 მარტიდან გზა ჩაიკეტა“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები