ვახტანგ შაქარიშვილი ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე განვითარებული პროცესების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე განვითარებულ მეწყრული პროცესების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, აღნიშნული  საკითხის სიღრმისეულად შესწავლა  საკრებულოს წევრების პირდაპირი მოვალეობაა. დეპუტატს მიაჩნია, რომ საკრებულოს ურბანული კომისიის ან სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც საკრებულოს დეპუტატების გარდა,  დარგის სპეციალისტები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რათა ნათელი გახდეს, მხოლოდ ბუნებრივ მოვლენასთან გვქონდა საქმე თუ შედეგთან, რომელიც ადამიანების უხეშმა ჩარევებმა და შეცდომებმა გამოიწვია.

„საკრებულო სწორედ ის ორგანოა, რომელმაც  სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს ეს საკითხები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ იმ ტერიტორიაზე კერძო კომპანია სამუშაოებს მუნიციპალიტეტის დაკვეთით აწარმოებს. გარდა ამისა,  მიმდებარედ, სხვა კერძო კომპანია ასევე  აშენებს მასშტაბურ შენობა-ნაგებობებს.

საკითხი იმის შესახებ, ხომ არ არის მომხდარი დაკავშირებული რომელიმე ამ პროექტთან, შესწავლას  საჭიროებს. იმისათვის, რომ ამ ქალაქში, კერძო კომპანია იქნება ეს თუ  მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები, გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და  ერთხელ და სამუდამოდ დაზიანებაზე, გაფუჭებასა და საფრთხის შექმნაზე  იყოს ვიღაცა  პასუხისმგებელი“,- აღნიშნა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები