დავით ბრაგვაძე: საქართველოში გვქონდა 1 შემთხვევა და პირველივე ადამიანი გარდაიცვალა, ვაქცინაა მკვლელი, თუ რაღაც სხვა პრობლემა გვაქვს, თავად განსაჯეთ
“საქართველოში გვქონდა 1 შემთხვევა და პირველივე ადამიანი გარდაიცვალა, ვაქცინაა მკვლელი, თუ რაღაც სხვა პრობლემა გვაქვს, თავად განსაჯეთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია GISP-ის დირექტორი, დავით ბრაგვაძე წერს.
დავით ბრაგვაძე ვაქცინის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს.
,,Oxford AstraZeneka-ს ვაქცინით ამ დრომდე აიცრა 5 000 000 ადამიანი. 5 მილიონი! მილიონ სამასი ათასით მეტი, ვიდრე – საქართველოს მოსახლება.
ამ 5 მილიონი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა 41 ადამიანს. 5 მილიონიდან 41. ყოველ 122 000 ადამიანში მხოლოდ ერთს (1).
ანუ მთელი რუსთავი რომ აგვეცრა, ანაფილაქსიური შოკი სტატისტიკურად მხოლოდ ერთ (1) ადამიანს უნდა დამართნოდა. იგივე მაჩვენებელი მთელი თბილისის ვაქცინაციის შემთხვევაში იქნება ცხრა (9), მთელი საქართველოს შემთხვევაში კი ოცდათი (30).
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოში კოვიდით დაინფიცირდა 276 796 ადამიანი, საიდანაც გარდაიცვალა 3 683. ანუ ყოველი 75-ე (!) ადამიანი…
5 მილიონი აცრილიდან, ყოველ 122 000 ადამიანში ერთში რომ ეს რეაქცია გამოიწვია და ჯამში 41 იყო, გადარჩა ყველა. ლეტალური გამოსავალი იყო 0…
საქართველოში გვქონდა 1 შემთხვევა და პირველივე ადამიანი გარდაიცვალა.
ვაქცინაა მკვლელი, თუ რაღაც სხვა პრობლემა გვაქვს, თავად განსაჯეთ,”- წერს დავით ბრაგვაძე.
შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.