მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს. როგორც საჯარო რეესტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში ქალაქ საგარეჯოში, ნინოწმინდაში, წყაროსთავში, გიორგიწმინდაში, დუზაგრამაში, იორმუღანლოში, ლამბალოში, თულარში, ყანდაურასა და შიბლიანში ეტაპობრივად აიზომება და დარეგისტრირება როგორც მოქალაქეების კერძო საკუთრებაში, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. “სისტემური რეგისტრაციის პროექტის მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ნათია ჩირიკაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა მიმდინარე საკადასტრო საველე სამუშაოების განიხილეს, განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო ამოცანებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისტემური რეგისტრაციის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მნიშვნელობას. „იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლიდან ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმას ვახორციელებთ. 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა კი სარეგისტრაციო პროცედურები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. დღეს უკვე, რეფორმის ფარგლებში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის წესით, ჯამში, მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი გვაქვს დარეგისტრირებული. ხოლო, მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ქვეყნის ფართობის საკადასტრო მონაცემებით დაფარვა 43%–დან 67%–მდე არის გაზრდილი. ამიტომ დღეს გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, ისარგებლონ სისტემური რეგისტრაციის პროექტით და მარტივად დაირეგისტრირონ მფლობელობაში არსებული ნაკვეთები; გახდნენ კანონიერი მესაკუთრეები, რათა შემდგომ უკვე, შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება” – აღნიშნა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ნათია ჩირიკაშვილმა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში, სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის ნაკვეთების სისტემური წესით დარეგისტრირებას. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.