იგეგმება თუ არა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია – მერიის განმარტება

თბილისის მერიაში მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს და საზოგადოებას მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე სრული ინფორმაცია მიეწოდება.

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია.

უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები