„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან“ – მერის პირველი კომენტარი

დედაქალაქის მერის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რათა გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

„გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული, მაჭავარიანის ქუჩა გადაიკეტა ორმხრივად, მიმდინარეობს პროექტირება. ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და უსაფრთხო იყოს გადაადგილება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან.

„გზის სამუშაოებთან არ არის კავშირში. მეწყრული პროცესია მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდზე, ხოლო ახალი გზის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ქუჩის ქვემოთ. ერთადერთი, რა სამუშაოებიც ჩატარდა მაჭავარიანის ქუჩაზე, იყო წყლისა და წყალარინების მილების შეცვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები