დავით ზილფიმიანი: ღვაწლმოსილი მეცნიერის ხელფასი როგორ შეიძლება, 20 პროცენტით ჩამორჩებოდეს პარლამენტარის ხელფასს? ის ხშირად 200 პროცენტითაც კი ჩამორჩება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს მეცნიერების, პროფესორ-მასწავლებლებისა და პედაგოგების საკითხი.

„არასოდეს დავიღლები იმ პრობლემებზე საუბრით, რაც დღესდღეობით, ჩვენს მეცნიერებს, პედაგოგებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აწუხებთ.

კიდევ ერთხელ მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო ბევრ ისეთ საკითხს, რომლის გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელი იქნება მომავალში ამ სისტემის ნორმალური ფუნქციონირება და წარმატებები, რომელსაც ველოდებით. არასოდეს ვიყავით ბანანის რესპუბლიკა და ყოველთვის ინტელექტუალურ რესპუბლიკად მოვიხსენიებოდით, ისტორიის მანძილზე.

ახალგაზრდებში დღეს პრაქტიკულად ყველა იურისტი და ბიზნეს-სკოლის წარმომადგენელია. ეს გამოწვეულია არამარტო იმით, რომ ახალგაზრდებს ინტერესები გაუქრათ, რადგან წარმატებული ბიზნეს და იურიდიული სკოლები გვაქვს? არა! უბრალოდ დეგრადირდა, მეცნიერებათა აკადემიის ის მიმართულებები, რომელიც ყოველთვის მძაფრად იყო წარმოჩენილი ქვეყანაში.

ღვაწლმოსილი მეცნიერის ხელფასი როგორ შეიძლება 20 პროცენტით ჩამორჩებოდეს პარლამენტარის ხელფასს? ის ხშირად 200 პროცენტითაც კი ჩამორჩება.

დღეს მეცნიერებას ხელფეხი აქვს მოჭრილი, იმ გაგებით, რომ მას არ აქვს პოლიგონები ინსტიტუტების სახით. ამის მიუხედავად მაინც განაგრძობენ მუშაობას.

არ დავიღლები იმ რეფორმებში მონაწილეობით, რაც აამაღლებს, ამ მიმართულებას. რეალურად ისინი არიან ელიტა საქართველოში და უნდა მივცეთ განვითარების საშუალება.
პარადოქსია, მაგრამ ფიზიკოსი რომ გახდე, დღეს ფიზიკის ფაკულტეტზე ფიზიკის ჩაბარებაც კი არ არის საჭირო“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის სხდომაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები