თენგიზ ცერცვაძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 43 პროცენტამდე შემცირდა – კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების დიდი შანსია

“ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70 პროცენტიდან 43 პროცენტამდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების დიდი შანსია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძეს მიაჩნია, რომ შეზღუდვების შემსუბუქება რისკია.

„შეზღუდვების შემსუბუქება არის რისკი, რა თქმა უნდა. ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ დავიწყეთ ვაქცინაცია. იმუნიზაცია, ყველა ქვეყანაში, შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. აშშ-მა, ინგლისმა, გერმანიამ, ისრაელმა ვაქცინაცია დაიწყო დეკემბერში და დღეს მათ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე საქართველოს, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ისრაელმა 90% აცრა მოსახლეობის და ჯერ ხელშესახები შედეგი არ აქვს. ამიტომ, ჩვენც ნუ გვექნება ასე მალე მოლოდინი. ამას დრო უნდა, იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. იქამდე, ვიდრე ეს იქნება, პირბადეები უნდა გამოვიყენოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70 პროცენტიდან 43 პროცენტამდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი მესამე ტალღის გავრცელების. ევროპამ, სხვადასხვა ქვეყნებმა გაახანგრძლივეს ლოკდაუნი, რადგან შეიძლება შემობრუნდეს სიტუაციაა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ვაქცინაციაზეც ისაუბრა.

“16 მილიონი ადამიანი აიცრა „ასტრაზენეკათი“. 30 შემთხვევაა, როცა განვითარდა თრომბოემბოლიური გართულება და რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრიაში, შემდეგ დანიაში, იყო შემთხვევები იტალიაში და რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა „ასტრაზენეკას“ გამოყენება, თუმცა მხოლოდ იმის გარკვევამდე, სანამ სპეციალური კომისია გაარკვევდა თრომბოემბოლიის და გარდაცვალების შემთხვევები დაკავშირებული იყო თუ არა ვაქცინასთან. ამაზე ინტენსიურად იმუშავა ჯანმო-ს ვაქცინების უსაფრთხოების სპეციალურმა კომისიამ, ევროპის წამლის სააგენტომ და კიდევ არაერთმა ორგანიზაციამ. მათ უკვე გამოაქვეყნეს ოფიციალური დასკვნა. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ გართულებები დაკავშირებული იყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან. გარდა იმისა, რომ ეს არ იყო დაკავშირებული პრეპარატთან, რაოდენობრივადაც მეტი არ იყო, ვიდრე არავაქცინირებულ მოსახლეობაში თრომბოემბოლიის შემთხვევები. ძალიან არ მომწონს ტენდენცია, რომ ზოგიერთები შეგნებულად ამბობენ, ვინაიდან პირველი „ფაიზერი“ უნდა შემოსულიყო, ჩვენ გვინდა „ფაიზერი“, არ გვინდა „ასტრაზენეკა“. ეს არის სუფთა სპეკულაცია, რადგან მსოფლიოში „ასტრაზენეკა“ თავისი ხარისხით არანაკლებ ფასობს „ფაიზერზე“ და ის მეორე ვაქცინაციის შემდეგ 90 პროცენტიან დაცვას იძლევა კოვიდისგან, ხოლო პირველი დოზის შემდეგ 60 პროცენტიან დაცვა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები