ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს, „დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია“.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილმა შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.
„არც ერთ სასამართლოს დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ არაერთხელ გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.