ხელოსნებისა და ვაჭრების ამბოხი, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა – თბილისი, 1865 წელი
1865 წელს თბილისში ამქრების, წვრილი ხელოსნების და ვაჭრების ამბოხებამ იფეთქა. მღელვარების მიზეზი ქალაქის თავის, შერმაზან ვართანოვის განკარგულება გახდა, რომლის თანახმადაც ქალაქში გადასახადები, თითქმის, გაორმაგდა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, 1864 წელს თბილისში ევროპული და აზიური ტიპის 2870 მაღაზია-დუქანი და 14 ქარვასლა ფუნქციონირებდა. თვითმხილველების გადმოცემით, აჯანყებაში, დაახლოებით, 10 ათას კაცზე მეტი მონაწილეობდა.
გადასახადების ზრდასთან ერთად, ტფილისელები გაზრდილ ფასებსაც შეუწუხებია.
„პურის სიძვირე ისეთი იყო, რომ ტფილისში ფუთი ფქვილის ფასი 3 მანეთიდან 5 მანეთამდე ავიდა. თვით ღვინოც კი თუნგი 60-80 კაპიკად იყიდებოდა“ – წერდა მაშინდელი პრესა. პრობლემის მოგვარებმა ამქრებმა მშვიდობიანი მოლაპარაკებით სცადეს – მეფისნაცვალს განცხადება წარუდგინეს და გადასახადებისაგან განთავისუფლება სთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს.
27 ივნისს, დილიდან დაიხურა ყველა დუქანი, ათი ათასამდე კაცმა – ხელოსნებმა, მეეტლეებმა, მეთულუხჩეებმა, მეფორნეებმა, შავმა მუშებმა, მემწვანილეებმა და, საერთოდ, ქალაქის ღარიბმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ერევნის (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე და იერიში მიიტანა საპოლიციო სამმართველოზე.
„მეამბოხეთა კრება უკანასკნელად ხოჯივანქის სასაფლაოზე ჰქონიათ.
იქ გადაუწყვეტიათ, ეწინააღმდეგონ და თუ საჭიროდ დაინახავენ, მაშინ მახვილიც კი აიღონ. ბოლოს დაადგნენ იმ დასკვნას, რომ უსათუოდ აიკლონ იმ დროის ტფილისის სამოქალაქო გამგის სახლ-კარი.“ – ასე აღწერს გამომცემელი და მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე იმდროინდელ ამბებს.
მეფისნაცვლის მოვალეობის აღმასრულებელმა, გ. ორბელიანმა და სამხედრო გუბერნატორმა, ნ. ჭავჭავაძემ სცადეს ხალხის დაშოშმინება, მაგრამ უშედეგოდ. ხალხმა აიკლო ქალაქის თავის ბინა, მოკლა გადასახადების ამკრები მელიქოვი.
აჯანყებულთა წინააღმდეგ მთავრობამ ჯარი გამოიყვანა და მღელვარება ჩაახშო. რამდენიმე კაცი მოკლეს და დაჭრეს. 80 კაცი სასამართლოს გადასცეს, მათგან 10-ს ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, 32-ს – სხვადასხვა ვადით პატიმრობა. ცნობილია იმ პირთა ვინაობაც, რომლებიც თბილისის ბუნტს მეთაურობდნენ: ალექსა საბაშვილი, სიღნაღელი სირაჯი; სოსიკო დონდიაშვილი, ქართველი ფრანგი; მინასა კრუაშვილი, მიკიტნების უსტაბაში; გიორგი ბაღდასაროვი, ხელობით ყასაბი. როგორც ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემულ წიგნშია მოთხრობილი, ყველა მათგანი შეიპყრეს და ციმბირში გადაასახლეს. ბუნტი ტფილისში ორ დღეს გაგრძელდა და 29 ივნისს დასრულდა.