ისტორიული ცნობები ნარიყალას წარმოშობისა და ფუნქციის შესახებ
თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, ნარიყალაზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში აღნიშნული ადგილი.
„ნარიყალა–ციხე“ არა მარტო თბილისის ციხესიმაგრეს, არამედ გორის, სურამის, ანანურის, ბორჯომის, გრემისა და სხვა ციხეებსაც ჰქონდა. „ნარიყალა“ „ნარინ–ყალისაგან“ უნდა იყოს წარმომდგარი და „უმცროსს“, „მცირე“ („ნარინ“ მონღოლური სიტყვაა და უმცროსს შეესატყვისება) ციხეს უნდა ნიშნავდეს. „მცირე“ ანუ „ნარიყალ–ციხე“ განსხვავდებოდა ციხე–სიმაგრის „დედა–ციხისაგან“, ანუ თავადი (მთავარი) ციხისაგან“.
ციტადელის ადგილმდებარეობა შემთხვევითი როდია. ამ ადგილას მდინარის კალაპოტი ვიწროა. აქ ერთმანეთს უახლოვდებიან მდინარის კლდოვანი ნაპირები და წარმოქმნიდნენ სტრატეგიულად მეტად ხელსაყრელ ადგილს. სწორედ სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა ციხე–სიმაგრის დაარსება და შემდგომში ქალაქის განვითარება.
თბილისის ციტადელი საქართველოს დედაქალაქის მრავასაუკუნოვანი თავგადასავლის მოწმე და მონაწილეა. მისი კედლები და კოშკები არაერთხელ დანგრეულა, აღდგენილა, გადაკეთებულა. დღემდე მოღწეული ფრაგმენტები სხვადასვხა პერიოდს ეკუთვნის. ამას მოწმობს წყობის ხასიათი, საკედლე მასალა, დუღაბი. ყველაზე ძველ შემორჩენილ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე კოშკის ფრაგმენტი, როემლიც თლილი ქვითაა ამოყვანილი.
თბილისის ნარიყალა მიუდგომელი იყო. ამაზე მრავალი მოწმობა მიუთითებს. მთაგორიან რელიეფზე განლაგებული საციხო ნაგებობები რთულ სისტემას ქმნიდნენ. ნარიყალას კოშკებს შორის გამოირჩეოდნენ ე.წ. „თავრიზისა“ და „სტამბულის“ (დასახელებები გვიანდელია). ნარიყალაში შესასვლელი მოთავსებული იყო ჩრდილო–აღმოსავლეთის კუთხეში ამოყვანილ კოშკის თაღში. აქ იწყებოდა ცილინდრული კამარით გადახურული გასასვლელი, რომელიც ახლა ჩახერგილია. შედარებით ადვილად შესაღწევი გზა დასავლეთის მხრიდან იყო, რის გამოც ამ მხრიდან ციტადელი მეტად გაუმაგრებიათ.
ნარიყალას ორი მიწისქვეშა გასასვლელი ჰქონდა, მტკვრისა და წავკისწყლისაკენ. ეს გასასვლელები დატანილია თბილისის 1800 წლის გეგმაზე. ნარიყალას წყლით მომარაგება საგანგებო სისტემით ხდებოდა, არხისა და აკვედუქის შემწეობით. ეს უკანასკნელი გამოსახულია თბილისის ტურნეფორისეულ ნახატზე. ნარიყალაზე ეკლესია იდგა. ეკლესია დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე და უფრო გვიან – ჩუიკოს მიერ გამოსახულ 1800 წლის გეგმაზეც. იგი მე–19 საუკუნის დასაწყისში თოფის წამლის საწყობად უქცევიათ და 1827 წელს აფეთქებულა. ეკლესია გაიხსნა 1966 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ამასთან, გამოჩნდა ადრინდელი (მე–13 საუკუნის) ეკლესიის ნაშთები.