„ქართველი შინდლერები“, რომლებმაც ათასობით ებრაელი გაადარჩინეს

ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ) : მიხაკო წერეთელი; ვალია ფაჩულია-მიხეილ კედიას ცოლი; მიხეილ კედია; იოსებ ელიგულაშვილი

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია საზოგადოებას ცნობილი ქართველი ემიგრანტების შესახებ ბევრ საინტერესო ცნობას აწვდის და მათ ადამიანურ ისტორიებს უზიარებს. იოსებ ელიგულაშვილისა და მიხეილ კედიას, იგივე „ქართველი შინდლერების“ ისტორიაც იმ ამბების რიცხვშია, რომლებიც, ალბათ, არასდროს უნდა მიეცეს დავიწყებას.


ქუთაისის პირველი გილდიის ვაჭრის, ქველმოქმედის, ქუთაისის ხმოსანთა საბჭოს წევრის- აარონ იაკობის ძე ელიგულაშვილის ვაჟის- იოსებ ელიგულაშვილის ცხოვრებისეული ამბები გავიხსენოთ.

ქუთაისში დაბადებულმა იოსებმა ჯერ მოსკოვის უნივერსიტეტში შეისწავლა ეკონომიკა, მერე საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში.

1918-1921 წლებში ის ჯერ საგარეო ვაჭრობის კომიტეტის წევრი იყო, მერე დამფუძნებელი კრების წევრი გახდა (სოციალ-დემოკრატებიდან), როტერდამსა და საფრანგეთში ეკონომიკური აგენტის მოვალეობას ითავსებდა, ასევე იყო ფინანსების და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგი ( მოადგილე).

საქართველოს ოკუპაციის მერე, 1921 წლის 17 მარტს საქართველო დატოვა და ექვთიმე თაყაიშვილს დაეხმარა ეროვნული საგანძურის ქვეყნიდან გატანაში.

1922 წელს კი საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფმა მთავრობამ, ელიგულაშვილის (ასევე, ილია გოლდმანის) მეცადინეობით, შეძლო ლევილის მამულის შესყიდვა და გაფორმება (დღეს ლევილის მამული საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა).

როცა ნაცისტები საფრანგეთს მიადგნენ, იოსებ ელიგულაშვილი ერთ-ერთი პირველი დააპატიმრეს.

ქართველების დახმარებით, ის ტყვეობიდანაც გამოუშვეს. ამის მერე მიხეილ კედიასთან (1902-1954) ერთად შექმნა ორგანიზაცია და „ქართულ-ებრაული მემორანდუმის“ თანახმად, ნაცისტების სამხედრო ბანაკში მყოფ ებრაელებს აძლევდნენ ყალბ ცნობებს მათი ქართული წარმომავლობის შესახებ.

მიხეილ კედიამ და სხვა „ქართველმა შინდლერებმა“ გერმანელები დაარწმუნეს, რომ ქართველი ებრაელები სემიტები კი არა, არამედ ქალდეველები იყვნენ, რომლებმაც იუდაიზმი იწამეს და კავკასიაში დამკვიდრდნენ (უწოდებდნენ „მოსეს რჯულის ქართველებს“).

ამასთან, ებრაულ გვარებს უმატებდნენ ბოლოში „შვილს“, „ძეს“ და ასე გადაარჩინეს ათასობით ებრაელი (არა მარტო ქართველი ებრაელები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებნი).

გერმანელებთან დაახლოებული პირები, როგორებიც იყვნენ: დოქტორი მიხეილ ახმეტელი, ფიზიკის დოქტორი ალექსანდრე ნიკურაძე, ექიმი გიორგი მაღალაშვილი, გენერალი შალვა მაღლაკელიძე- პარიზში მცხოვრებ ქართულ ემიგრაციას ეხმარებოდნენ ებრაელების გამოხსნაში.

საფრანგეთში იოსებ ელიგულაშვილი ბამბის თეთრეულის წარმოებითა და რეალიზაციით იყო დაკავებული, მას და მის ოჯახს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი ჰქონდა. მძიმე ავადმყოფობის შედეგად, იოსები 1952 წელს პარიზში გარდაიცვალა.

ელიგულაშვილების ოჯახის თითქმის ყველა წევრმა საფრანგეთში ჩამოსვლა შეძლო (დედა სარა ფიჩხაძე 1918 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისში).

იოსების მამა აარონ ელიგულაშვილი (1856-1938), ძმები-მოსე (1880-1940), რაფაელი (1882-1952), სოლომონ (1888-1958), იაკობ (1889-1965), ბენო (1893-1962), ასევე დები-მაშო (1884-1971), ანა (1901-1983), მატილდა (1903-1985) იოსებ ელიგულაშვილთან ერთად განისვენებენ პარიზის ბანიოს სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები