კეთილი ამბავი იმაზე, თუ როგორ შეცვალა პოლონელმა წყვილმა მარტოხელა მოხუცის ცხოვრება
პოლონელმა ინჟინერ-მშენებელმა, კშიშტოფ კოპეჩმა ქალაქ ლობაჩევიდან გადაწყვიტა, მარტოხელა მოხუცებულს დახმარებოდა. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, 80 წლის ქალბატონი – ანიელა ტყეში, ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობდა, სადაც არ იყო წყალგაყვანილობა და ელექტროენერგია.
კშიშტოფმა, თავის ცოლთან ერთად, მოხუც ქალს პროდუქტები მიუტანა და კეთილი ზღაპარიც დაიწყო…
მოგვიანებით, კშიშტოფი ბებიას უკვე მეგობრებთან ერთად ეწვია, მათ ნახეს, თუ როგორ საშინელ პირობებში ცხოვრობდა მოხუცი. მისი ხის სახლი ნახევრად დანგრეული იყო და საშინელ ქოხს ჰგავდა. იქ არ იყო ბუნებრივი აირი და ელექტროობა, იატაკის ქვეშ ჩანდა ბეტონი და მიწა. ქოხს მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონდა და სინათლე დღისითაც ძლივს აღწევდა სახლში. მოხუცებულს არ ჰყოფნიდა სახსრები და სოციალური დახმარებით სარგებლობდა: ხანდახან მასთან მოჰქონდათ პროდუქტები, შეშა, ტანსაცმელი და ავეჯი.
კშიშტოფსა და მის მეუღლეს, კინგას ძალიან მოუნდათ, დახმარებოდნენ მოხუცს. კინგა პროფესიით არქიტექტორია. იმავე დღეს მათ შეადგინეს ძველი სახლის რეკონსტრუქციის გეგმა, ხოლო მეორე დღეს ცოლ-ქმარმა საჭირო თანხის შესაგროვებლად აქცია წამოიწყო. მათ განცხადება ერთ-ერთ სოციალურ ქსელში განათავსეს.
მოხუცი ანიელას ისტორიამ მრავალი ადამიანის გული დაიპყრო. აქცია პოლონეთის საზღვრებსაც გასცდა. კშიშტოფმა დახმარების ჯგუფი შექმნა და მის ინიციატივას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. მათ ერთად განიხილეს, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. შედეგად, რამდენიმე დღეში ბებიას სახლი სრულიად გადაკეთდა.
მათ დაათბუნეს ქოხის კედლები, სახურავი და ფასადი, შეცვალეს იატაკი, დააგეს მეტლახი, შეიტანეს ახალი ავეჯი. სოციალურ ქსელში მობილიზებულ ადამიანებს მშენებლობაზე მიჰქონდათ საჭმელი, ტანსაცმელი და ჰიგიენის ნივთები.
თავად სახლის მფლობელი, მოხუცი ანიელა შორს იყო მიმდინარე მშენებლობისგან, ამიტომ, ბრიგადას შეეძლო, ყოველდღე გვიანობამდე ემუშავა. როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ ანიელა სახლში დაბრუნდა, ის საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. მოხუცს სიხარულისა და მადლიერების ცრემლები სდიოდა. მას არ სჯეროდა, რომ ასეთი ისტორიები ჯერ კიდევ ხდება…
ანიელას კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. კოპეჩების ოჯახმა ის ისე მიიღო, როგორც საკუთარი ბებია. აქამდე ყველასათვის უცნობმა და მარტოხელა მოხუცმა ახალი სახლი და მოსიყვარულე ოჯახი შეიძინა.