„თბილსერვის ჯგუფი“ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომლებშიც მელიქიშვილის ქუჩაზე მარილის დაყრის სამუშაო პროცესია ასახული. „თბილსერვის ჯგუფის“ განმარტებით, ტექნიკური მარილის ხელით დაყრა კონკრეტულ შემთხვევაში იმიტომ გახდა საჭირო, რომ სპეციალური ტექნიკა ვერ იმოძრავებდა.
„უხვი თოვლის ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ დღის განმავლობაში მუშაობდა მთელი დატვირთვით და ტექნიკაც სრულად იყო მობილიზებული. „თბილსერვის ჯგუფი“ ასევე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ღამის საათებში.
რასაკვირველია, ყველა ქუჩასა და ტროტუარზე, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტრო სადგურების ჩასასვლელებში, ასევე, საფეხმავლო ხიდებზე ვერ იმოძრავებს სპეციალური ტექნიკა და ასეთ ადგილებში მარილი დაიყრება როგორც ნიჩბით, ასევე, ხელით.
მედიასაშუალებებს ვთხოვთ, პატივი სცენ ყველა იმ ადამიანის შრომას, ვინც კეთილსინდისიერად, საგანგებო რეჟიმში ემსახურება ქალაქს და ყინვასა და თოვლში ცდილობს მოქალაქეებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა მისცენ“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.