გივი მიქანაძე: სამწუხაროა, სახალხო დამცველი თავის მანდატის განხორციელების ნაცვლად, ფაქტობრივად კონკრეტული მხარის პოზიციის გატარებას ცდილობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას დაკავების პროცესში წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა ადგილი, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

მიქანაძის თქმით, ეს ფაქტები იქნება შესწავლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიღებული, დაიწყება თუ არა ამასთან დაკავშირებით გამოძიება. აღნიშნული განცხადება მან იმ დროს გააკეთა, როცა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კრიტიკას პასუხობდა.

მიქანაძის თქმით, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების დროს, დაცული იყო კანონის მოთხოვნები და მისი გამოყენება საჭირო გახდა იმისთვის, რომ დამატებითი ძალის გამოყენება თავიდან აეცილებინათ.

“ძალიან სამწუხაროა, სახალხო დამცველი თავის მანდატის განხორციელების ნაცვლად, როცა კანონის აღსრულების სადარაჯოზე უნდა იდგეს, ფაქტიურად კონკრეტული მხარის პოზიციის გატარებას ცდილობს. ის გარემოება, რომ წიწაკის სპრეი იყო გამოყენებული, არის თანხვედრაში იმ კანონმდებლობასთან.

კერძოდ, პოლიციის შესახებ კანონთან და ის ძალა, რომელიც იქნა პოლიციის მიერ გამოყენებული არის კანონის ფარგლებში და პროპორციული. წიწაკის სპრეის გამოყენების სტანდარტები არსებობს და ის იყო მცირე დოზით ჰაერში გაშვებული ოთახში, სადაც ფანჯარა იყო.

ამ სპრეის გამოყენება მიზანმიმართული იყო იმისთვის, რომ დამატებითი ძალის წინააღმდეგობა არ ყოფილიყო, ის წინააღმდეგობა, რომელიც იყო კანონსაწინააღმდეგო, რადგან ის ადამიანები რომლებიც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ პოლიციისთვის იმ კონკრეტულ ოთახებში შესვლაში ხელი შეეშალათ, მათი მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა იყო კანონსაწინააღმდეგო, ამას შსს რა თქმა უნდა, შეისწავლის და ჩვენ ვნახეთ არა ერთი კადრი, როცა ნიკანორ მელია გაჰყავთ პოლიციელებს და იმ ოთახში მყოფი პირები სხვადასხვა საგნებს, როგორ ესვრიან პოლიციელებს, ამიტომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, ეს ფაქტები აუცილებლად შესწავლილი იქნება და გამოძიება დაიწყება თუ არა ამასთან დაკავშირებით, შსს დამატებით მიიღებს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები