საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ქართველი მეზღვაურები ომანიდან საქართველოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ომანში მყოფი ქართველი მეზღვაურების მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სააგენტოს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზეა ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ “მიუღებელია აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც საქართველოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეუძლია”.
“საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ომანში მყოფმა მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით 19 იანვარს, 20:22 სთ-ზე მომართეს. ამავე მომენტიდან დაიწყო აღნიშნული საქმის მართვა სააგენტოს მიერ და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საქმეში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში.
პრობლემა მდგომარეობდა ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაში, რის გამოც გემი გაჩერებული იყო ომანში. მსგავსი საქმეები საჭიროებს დელიკატურ მართვას და გარკვეულ პერიოდს საბოლოო გადაწყვეტამდე.
აღსანიშნია, რომ მეზღვაურების პასპორტები, ბერძენმა კაპიტანმა საკუთარი ნებით გაატანა ტვირთმფლობელის წარმომადგენელს, რომელიც დავის ფარგლებში უარს აცხადებდა პასპორტების დაბრუნებაზე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმეში ჩართვის შემდეგ:
– მეზღვაურებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდეგ მოხერხდა ქართველი მეზღვაურების დაცვა არასასურველი პროცესებისგან, რომელიც შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა;
– მეზღვაურებს გაუკეთდათ ვიზები და მათი რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად 24/7-ზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეის მდგომარეობით ომანის სახელმწიფოს მხრიდან გაცემულია ეკიპაჟის შეცვლის ნებართვა, ხოლო დროშის სახელმწიფოსგან – ქართველი მეზღვაურების ჩამოწერის დოკუმენტი გემზე მათი შემცვლელების ასვლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული კონსულტაციების შედეგია;
– მეზღვაურთა ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში და გემზე დარჩენილია მხოლოდ ის მეზღვაურები, რომლებმაც თავად არ ისურვეს სასტუმროში გადასვლა;
– მეზღვაურები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი პირობებით, სურსათით და ყველა სახის დახმარებით, მათ შორის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით;
– სააგენტოს დირექტორის მოადგილე პირდაპირ კავშირზეა როგორც მეზღვაურებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.
აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე მეზღვაურის კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ან გასდის 2-3 დღის განმავლობაში. მეზღვაურები გემზე იმყოფებიან 2020 წლის ივნისის თვიდან და პანდემიით შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით ამ რანგის მეზღვაურებისთვის გემზე ყოფნის ვადა ჯდება ნორმის ფარგლებში. მეზღვაურებს ხელფასები სრულად აუნაზღაურდებათ.
ომანიდან ყველა ქართველი მეზღვაური უახლოეს მომავალში შეუფერხებლად დაბრუნდება საქართველოში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ დრომდე მსოფლიოს არც ერთ წერტილში ქართველი მეზღვაურები არ დარჩენილან სათანადო ყურადღების გარეშე, ნებისმიერი ბრალდება, რომ ქართველ მეზღვაურებს არ ეწევათ დახმარება, არის ფაქტებით განზრახ მანიპულაცია.
მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მედია საშუალებას, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტები საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რათა თავიდან იქნას აცილებული არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”,-აღნიშნულია განცხადებაში.