ვაკის პარკში, რეაბილიტაციის პერიოდში, შინაური ცხოველებისთვის სასეირნო ტერიტორია გამოიყოფა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პერიოდში, ვაკის პარკში გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი.

როგორც მან თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი სრულად დაიკეტა.

„ვაკის პარკი, არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სრულად დაიკეტა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი მოთხოვნა იყო, გამოგვეყო გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. ამ კომუნიკაციის შედეგად, დღეიდან გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების საშუალება მიეცემათ ადამიანებს, რეაბილიტაციის პერიოდში.  ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამ სივრცის და მისი მდებარეობის შესახებ. სოციალური ქსელების, მედიის საშუალებით მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკის სრულმასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული  სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე, გარკვეული ზონები ეტაპობრივად დაიკეტა, ხოლო მასშტაბური სამუშაოებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დამსვენებლებისათვის პარკი სრულად დაიკეტა.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები